საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, USAID-ის პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ მხარდაჭერით, მართავს იმიტირებულ პროცესს კომერციულ არბიტრაჟში.
იმიტირებული პროცესის მიზანია ხელი შეუწყოს კომერციული სამართლისა და კომერციული არბიტრაჟის შესწავლას და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებას იურისტებში.
შეჯიბრის ზეპირი ნაწილი გაიმართება 2021 წლის 9-11 აპრილს.
შეჯიბრზე გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 18 დეკემბერი!
ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა?
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს (რეგისტრაციის მომენტისათვის სტუდენტს დამთავრებული ჰქონდეს ბაკალავრიატის მე-2 კურსი მაინც). შეჯიბრში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ პრაქტიკოს იურისტებს, რომლებიც შეჯიბრში მონაწილეობის მომენტისთვის არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები.
ერთი უნივერსიტეტიდან შეჯიბრში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს მხოლოდ 1-მა გუნდმა. თითო გუნდი უნდა შედგებოდეს 2 - 4 მონაწილისა და არაუმეტეს 2 მწვრთნელისა.
როგორ წარიმართება შეჯიბრი?
შეჯიბრი გაიმართება ქართულ ენაზე და შედგება ორი ეტაპისგან: პირველი ეტაპი მოიცავს წერილობითი დოკუმენტების მომზადებას. თითოეული მონაწილე გუნდი მოამზადებს საარბიტრაჟო სარჩელს და საარბიტრაჟო შესაგებელს. მეორე ეტაპი შედგება ზეპირი გამოსვლებისგან, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ არგუმენტები საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე.
დამატებით ინფორმაცია იმიტირებული პროცესის შესახებ, საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენის ვადები, წესები და ზეპირი გამოსვლების პროცედურა მოცემულია შეჯიბრის წესებში.
იმიტირებული პროცესის საქმის მასალების (პრობლემის) გამოსვლამდე, რეგისტრირებული გუნდების მომზადების მიზნით, საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, „არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველოს“-სთან ერთად, ჩაატარებს სემინარების სერიას: „შესავალი არბიტრაჟში“ და „სამართლებრივი წერა“, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას და მათ შეჯიბრისთვის მომზადებას.
როგორ შეიძლება გავიგოთ მეტი ინფორმაცია შეჯიბრის შესახებ?
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორმაციო ბროშურა და შეჯიბრის წესები.
საინფორმაციო შეხვედრა შეჯიბრის შესახებ, სადაც გექნებათ შესაძლებლობა დასვათ ნებისმიერი კითხვა და გაიგოთ მეტი შეჯიბრის შესახებ, გაიმართება 2020 წლის 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მიზნით, მოგვწერეთ: gaacompetitions@gmail.com (სათაურში მიუთითეთ “საინფორმაციო შეხვედრა“).
აქვე იხილეთ შეჯიბრის საქმე და საქართველოს არბიტრთა ასოციციის Ad Hoc საარბიტრაჟო წესები.
2020 წლის 13 ივლისს საქართველოს წამყვანმა საარბიტრაჟო ინსტიტუტებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს არბიტრთა ასოციაციასთან, რომლის ფარგლებში ისინი შეთანხმდნენ, რომ მათი წესების შესაბამისად წარმართულ საარბიტრაჟო წარმოებებზე გავრცელდება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის არბიტრთა ეთიკის კოდექსის შესაბამისად დადგენილი სტანდარტები. მემორანდუმის ხელმომწერთა შორის არიან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC), დავების განმხილველი ცენტრი (DRC), ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი.
არბიტრთა ეთიკის კოდექსი საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ 2014 წელს მიიღო. 2018 წელს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მას აღსრულების მექანიზმიც დაემატა - დაფუძნდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისია და ძალაში შევიდა დებულება არბიტრთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ.
კოდექსი განსაზღვრავს ეთიკის ნორმებს არბიტრებისთვის და ადგენს არბიტრთა ვალდებულებას უზრუნველყონ საარბიტრაჟო პროცესის კეთილსინდისიერად და სამართლიანად წარმართვა, შეინარჩუნონ მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, გაამჟღავნონ ნებისმიერი ინტერესი ან ურთიერთობა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მიუკერძოებლობაზე. ეთიკის კოდექსი ასევე განსაზღვრავს მხარეებთან, მათ წარმომადგენლებთან და პროცესის მონაწილე სხვა პირებთან კომუნიკაციის წესებს და მოუწოდებს არბიტრებს თავიდან აიცილონ გაუმართლებელი ხარჯები. კოდექსის დარღვევას მოჰყვება დისციპლინარული წარმოება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში და შესაძლო სანქციები: კონფიდენციალური რეკომენდაციიდან ასოციაციის წევრობიდან გარიცხვამდე.
ეთიკის კოდექსის დაცვა აქამდე სავალდებულო იყო მხოლოდ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრებისთვის. მემორანდუმის ხელმოწერა ოთხი წამყვანი საარბიტრაჟო დაწესებულების მიერ საგრძნობლად აფართოებს მის მოქმედებას და შესაძლებლობას აძლევს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიას არაწევრი არბიტრების მიერ წარმოებული შემთხვევებიც განიხილოს.
„დამოუკიდებელი და სანდო საარბიტრაჟო პროცესის არსებობა არსებითია კომერციული დავების ეფექტიანად გადაწყვეტისთვის, რაც ხელს უწყობს ხელშეკრულებების სწრაფად აღსრულებას, ფულადი სახსრების ბრუნვას ბაზარზე და ჯანსაღი ბიზნეს გარემოს განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ სოფიო ტყემალაძემ. „დღეს საქართველოს წამყვანმა საარბიტრაჟო ცენტრებმა აიღეს ვალდებულება ეთიკის კოდექსი გაავრცელონ მათი ადმინისტრირებით წარმართულ საარბიტრაჟო პროცესებზე, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია არბიტრაჟში მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებისა და, არბიტრაჟისადმი ბიზნესის ნდობის გამყარებისთვის.“
„არბიტრაჟისა და მედიაციის განვითარება მართლმსაჯულების სისტემის მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელია“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ. „ეთიკის კოდექსი არბიტრების სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც მათ ნეიტრალურობას, მიუკერძოებლობას და შესაბამისი პროცედურების დაცვას უზრუნველყოფს“.
„მივესალმებით საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრების გადაწყვეტილებას ეთიკის სტანდარტების დაცვის შესახებ. ეთიკის კოდექსი გაზრდის არბიტრთა პროფესიონალიზმს და საზოგადოებრივ ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“ - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრების მიერ მემორანდუმზე ხელის მოწერის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების - მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას ემსახურება.
დასრულდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ონლაინ სამუშაო შეხვედრები არბიტრაჟის თემაზე.
დისტანციური შეხვედრების ციკლის ფარგლებში გაიმართა 5 სამუშაო შეხვედრა შემდეგ საკითხებზე:
მომხსენებლები: სოფიო ტყემალაძე, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე და ჯაბა გველებიანი, KPMG Georgia, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
მომსხენებლები: ლიანა ქარცივაძე, EU/UNDP ერთობლივი პროექტი „არბიტრაჟი და მედიაცია ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებისთვის“, პროექტის მენეჯერი და თამარ მორჩილაძე, LLM კანდიდატი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, მოსამართლე ჩარლზ ბრაუერის სტიპენდიანტი
მომხსენებლები: გიგა ბათლიძე, იურიდიული ფირმა BLC, პარტნიორი და რუსუდან ჭკუასელი, იურიდიული ფირმა BLC, უფროსი იურისტი, M&A საბანკო და ფინანსირების მიმართულების ხელმძღვანელი
მომხსენებლები: ლაშა ნოდია, იურიდიული ფირმა „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, პარტნიორი, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და ირაკლი კორძახია, GRATA International Georgia, პარტნიორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი
მომხსენებლები: თეონა ჟიჟიაშვილი, "საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი" გიორგი კეკენაძე, იურიდიული ფირმა „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, უფროსი იურისტი
არბიტრაჟთან დაკავშირებული სემინარები გათვლილი იყო ფართო იურიდიული საზოგადოებისთვის. შეხვედრები საინტერესო იყო განსაკუთრებით იმ იურისტებისთვის, ვისაც არ ქონია სიღრმისეული შეხება არბიტრაჟთან და სურდათ მეტი გაეგოთ საარბიტრაჟო წარმოების შესახებ.
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის ღონისძიებების განხორციელებას. სურვილის შემთხვევაში გაგვაცანით თქვენი ინტერესები და საჭიროებები! რა საკითხზე ისურვებდით სასწავლო მოდულის/ტრენინგის/სამუშაო შეხვედრის ჩატარებას?
ჩატარებულ ღონისძიებაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიებების ბროშურა.
გაგვაცანით თქვენი ინტერესები და საჭიროებები! რა საკითხზე ისურვებდით სასწავლო მოდულის/ტრენინგის/სამუშაო შეხვედრის ჩატარებას?
რა იქნებოდა თქვენვის მისაღები ხანგრძლივობა?