საქართველოს არბიტრთაასოციაციის არბიტრთა ეთიკის კოდექსი
შესავალი
საარბიტრაჟო პროცესის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და არბიტრაჟისადმი ნდობის ამაღლების მიზნით, წინამდებარე ეთიკის კოდექსი ადგენს ქცევის წესების აღიარებულ სტანდარტებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ არბიტრებმა საარბიტრაჟო პროცესის დროს. ისინი პასუხისმგებელნი არიან როგორც მოდავე მხარეების, ასევე პროცესის სხვა მონაწილეთა, საზოგადოების და თავად პროცესის არსის მიმართ. მათი პასუხისმგებლობა მოიცავს მნიშვნელოვან ეთიკურ ვალდებულებებს.
ეთიკის კოდექსი გამოიყენება ყველა ისეთი საარბიტრაჟო განხილვის დროს, როდესაც დავა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრ ერთ ან მეტ არბიტრს. ეს კოდექსი ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მის გამოყენებას ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმება, შესაბამისი საარბიტრაჟო წესები ან კანონი. ყველა ასეთ შემთხვევაში, არბიტრები უნდა დაექვემდებარონ ამ კოდექსით დადგენილ ქცევის წესებს.
წინამდებარე ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ეთიკის ნორმებს არბიტრებისთვის და ადგენს არბიტრთა ვალდებულებას – უზრუნველყონ საარბიტრაჟო პროცესის კეთილსინდისიერად და სამართლიანად წარმართვა, შეინარჩუნონ ნეიტრალურობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, გაამჟღავნონ ნებისმიერი ინტერესი ან ურთიერთობა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მიუკერძოებლობაზე. ეთიკის კოდექსი ასევე განსაზღვრავს მხარეებთან, მათ წარმომადგენლებთან და პროცესის მონაწილე სხვა პირებთან შესაფერისი კომუნიკაციის წესებს და მოუწოდებს არბიტრებს თავიდან აიცილონ გაუმართლებელი ხარჯები.
პრინციპი I. არბიტრმა უნდა უზრუნველყოს საარბიტრაჟო პროცესის კეთილსინდისიერად და სამართლიანად წარმართვა.
- არბიტრი ვალდებულია დაიცვას ქცევის მაღალი სტანდარტები, რათა უზრუნველყოს პროცესის სამართლიანი და კეთილსინდისიერი წარმართვა.
- პირი უნდა დათანხმდეს არბიტრად დანიშვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდება, რომ:
ა) მას შეუძლია იმოქმედოს მიუკერძოებლად;
ბ) მას შეუძლია იმოქმედოს მხარეებისგან, პოტენციური მოწმეებისგან და სხვა არბიტრებისგან დამოუკიდებლად;
გ) გააჩნია სათანადო კომპეტენცია;
დ) აქვს საკმარისი დრო დაიწყოს საარბიტრაჟო განხილვა პროცესის მოთხოვნების შესაბამისად და განხილვის დაწყების შემდეგ დაუთმოს სათანადო დრო და ყურადღება პროცესს;
- არბიტრად დანიშვნაზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და საარბიტრაჟო განხილვის პროცესში, მან თავი უნდა აარიდოს ისეთ საქმიან, პროფესიულ ან პირად ურთიერთობებში შესვლას, ან ისეთი ფინანსური თუ პირადი ინტერესის შეძენას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არბიტრის მიუკერძოებლობაზე ან შექმნას მიუკერძოებლობის გონივრული ეჭვი. არბიტრმა, საქმის გადაწყვეტიდან გონივრულ ვადაში, თავიდან უნდა აიცილოს ისეთ ურთიერთობაში შესვლა ან ისეთი ინტერესის გაჩენა, რომელიც შექმნის გონივრულ ეჭვს იმისა, რომ არბიტრზე გავლენა ჰქონდა ასეთი ურთიერთობისა ან ინტერესის მოლოდინს.
- არბიტრი სამართლიანი უნდა იყოს მხარეების მიმართ და არ უნდა მოექცეს პიროვნული დაინტერესების, გარეშე ზემოქმედების ან სხვა სახის გავლენის ქვეშ.
- თუ არბიტრის უფლებამოსილება მხარეთა შეთანხმებითაა განსაზღვრული, არბიტრი ვალდებულია ამ უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს. თუ მხარეთა შეთანხმება გარკვეულ პროცედურულ წესებს ითვალისწინებს, რომლებიც საარბიტრაჟო პროცესის დროს უნდა შესრულდეს, არბიტრი მოვალეა ეს პროცედურული წესები დაიცვას. არბიტრმა, საარბიტრაჟო პროცედურის დროს არ უნდა გამოიყენოს ისეთი შეთანხმება ან პროცედურული წესები, რომლებიც ეწინააღმდეგება წინამდებარე ეთიკის კოდექსს.
- არბიტრმა, ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა მხარეებს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია პროცესის შესახებ, თავიდან აიცილოს პროცესის გაჭიანურება, მხარეთა ან სხვა მონაწილეთა შეურაცხყოფა, უთანასწორო მოპყრობა და საარბიტრაჟო პროცესის დამაბრკოლებელი ფაქტორები.
- არბიტრის ეთიკური ვალდებულება იწყება მისი არბიტრად დანიშვნისთანავე და გრძელდება საარბიტრაჟო პროცესის დასრულებამდე. ამასთანავე, წინამდებარე კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში, ზოგიერთი ეთიკური ვალდებულება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც პირს არბიტრის მოვალეობის შესრულება ეთხოვა, ხოლო ზოგიერთი ეთიკური მოვალეობა გრძელდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაცნობის შემდეგაც.
- მას შემდეგ, რაც არბიტრი დაინიშნება, მან არ უნდა თქვას უარი არბიტრობაზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ გაუთვალიწინებელი გარემოებების გამო იგი იძულებულია ასე მოიქცეს, რადგან სხვანაირად პროცესის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. თუ მხარეები ვერ უზრუნველყოფენ ან უარს იტყვიან არბიტრისთვის შეთანხმებული ანაზღაურების გადახდაზე, არბიტრს უფლება აქვს გადადგეს.
- არბიტრი, რომელიც საარბიტრაჟო პროცესის დასრულებამდე ნებისმიერი საფუძვლით უარს იტყვის საარბიტრაჟო დავის განხილვაზე, უნდა მიიღოს გონივრული ზომები, რათა დაიცვას მხარეთა ინტერესები, მათ შორის არბიტრმა უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებების დაბრუნება და კონფიდენციალობის შენარჩუნება.
პრინციპი II. არბიტრი მოვალეა განაცხადოს თავისი ინტერესების ან იმ ურთიერთობების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მის მიუკერძოებლობაზე ან გამოიწვიოს მიკერძოებულობის შთაბეჭდილება
- პირს, რომელსაც ეთხოვა არბიტრის მოვალეობის შესრულება, თანხმობის მიცემამდე ვალდებულია განაცხადოს:
ა) ნებისმიერი სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი, ფინანსური თუ პირადი ინტერესების შესახებ, რომელიც მას შეიძლება გააჩნდეს დავის განხილვის შედეგების მიმართ ;
ბ) მისთვის ცნობილი არსებული თუ წარსული ფინანსური, საქმიანი, პროფესიული ან პირადი ურთიერთობების შესახებ, რამაც შეიძლება მხარეებს შეუქმნას არბიტრის მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის გონივრული ეჭვი. პოტენციურმა არბიტრმა უნდა განაცხადოს იმ ურთიერთობების შესახებ, რომლებიც მას აქვს რომელიმე მხარესთან, მათ ადვოკატებთან, დანარჩენ არბიტრებთან ან/და შესაძლო მოწმეებთან. პირმა, რომელსაც არბიტრის მოვალეობის შესრულება ეთხოვა, უნდა განაცხადოს ასევე მისი ოჯახის წევრების, ამჟამინდელი დამსაქმებლების ან საქმიანი პარტნიორების ურთიერთობების შესახებ აღნიშნულ პირებთან;
გ) განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის ფლობის შესახებ;
დ) ნებისმიერი სხვა ურთიერთობის ან ინტერესის შესახებ, რომლის გამჟღავნება მას ევალება მხარეთა შეთანხმებით, საარბიტრაჟო ინსტიტუტის წესების ან კანონმდებლობის შესაბამისად.
- არბიტრად დანიშვნაზე თანხმობის გაცხადებამდე პირი ვალდებულია გამოიკვლიოს 1-ელ პუნქტში მითითებული ურთიერთობების და ინტერესების არსებობა.
- თუ არბიტრისათვის ცნობილი გახდება 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილი ინტერესების შესახებ არბიტრად დანიშვნაზე თანხმობის გაცემის შემდეგ, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს აღნიშნულის შესახებ.
- ყოველი ეჭვი იმის შესახებ, არსებობს თუ არა გამჟღავნების ვალდებულება, უნდა გადაწყდეს გამჟღავენების სასარგებლოდ;
- ინტერესების შესახებ არბიტრმა უნდა აცნობოს საარბიტრაჟო დაწესებულებას (თუკი ასეთი არსებობს) და დავის მონაწილე ყველა მხარეს, გარდა იმ შემთხვევისა თუ მხარეთა შეთანხმებით, საარბიტრაჟო წესებით ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობს ერთზე მეტი არბიტრი, თითოეულმა მათგანმა უნდა აცნობოს დანარჩენებს ზემოთ აღნიშნული ურთიერთობების თუ ინტერესების შესახებ.
- გაცხადებული ინტერესი არ შეიძლება რომელიმე მხარის მიერ გამოყენებულ იქნას არბიტრაჟის საბოლოო გადაწყვეტილების შეცილების საფუძვლად, თუ მხარე დაეთანხმა პირის არბიტრად დანიშვნას ან არ დაუყენებია არბიტრის აცილების საკითხი.
- არბიტრმა უარი უნდა თქვას არბიტრად დანიშვნაზე ან, თუ საარბიტრაჟო წარმოება უკვე დაწყებულია – უარი უნდა თქვას ამ წარმოებაში არბიტრის ფუნქციის შესრულების გაგრძელებაზე, თუ მას ეჭვი ეპარება თავის უნარში, დარჩეს მიუკერძოებელი ან დამოუკიდებელი.
- არბიტრი უნდა გადადგეს თუ არბიტრის აცილებას ითხოვს დავის მონაწილე ყველა მხარე. თუ არბიტრის გადაგომას ითხოვს მხოლოდ ერთ-ერთი მხარე არბიტრის მიკერძოებულობის საფუძვლით, არბიტრი უნდა გადადგეს გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
ა) მხარეთა შეთანხმება, საარბიტრაჟო წესები ან შესაბამისი კანონმდებლობა სხვაგვარად არ განსაზღვრავს არბიტრის გადადგომის წესს მსგავს შემთხვევაში;
ბ) საარბიტრაჟო წესების არარსებობის შემთხვევაში, არბიტრი აცილების მოთხოვნის საფუძვლების შესწავლის შედეგად დაადგენს, რომ აცილების მოთხოვნა უსაფუძვლოა და მას შეუძლია არბიტრის მოვალეობა მიუკერძოებლად შეასრულოს.
- თუ ამ კოდექსის ნებისმიერ წესთან შესაბამისობისთვის არბიტრს მოეთხოვება კონფიდენციალური და/ან სამართლებრივად დაცული ინფორმაციის გამჟღავნება, მან უნდა:
ა) მოიპოვოს კონფიდენციალური ინფორმაციის გამცემი პირის ან სამართლებრივად დაცული ინფორმაციის უფლების მფლობელის თანხმობა; ან
ბ) გადადგეს.
პრინციპი III. არბიტრი უნდა მოერიდოს მხარეებთან არასათანადო კომუნიკაციას.
- თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ან საარბიტრაჟო წესები ადგენს არბიტრის მხარეებთან კომუნიკაციის წესებს, არბიტრი ვალდებულია ამ წესების ფარგლებში იმოქმედოს, თუნდაც ეს წესები წინააღმდეგობაში მოდიოდეს მე-2 და მე-3 პუნქტებთან.
- არბიტრს შეუძლია საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე იმსჯელოს მხოლოდ ყველა მოდავე მხარის თანდასწრებით, გარდა შემდეგი გარემოებებისა:
ა) როდესაც განიხილება არბიტრის დანიშვნის საკითხი:
- მომავალ არბიტრს შეუძლია იკითხოს მხარეების, მათი წარმომადგენლების და მოწმეების ვინაობა, ასევე საქმის ზოგადი საკითხები;
- შეუძლია უპასუხოს მხარეების ან მათი წარმომადგენლების შეკითხვებს მისი კომპეტენციის და საქმის განხილვის შესაძლებლობის შესახებ; ასეთ შემთხვევაში, არბიტრს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საქმის ზოგადი ხასიათის შესახებ, თუმცა არ უნდა განიხილოს ამ საქმის არსებითი საკითხები დავის რომელიმე მხარის დაუსწრებლად.
ბ) არბიტრს შეუძლია შეუთანხმოს მხარეს ისეთი საორგანიზაციო საკითხები, როგორიცაა საარბიტრაჟო განხილვის დრო, ადგილი და საარბიტრაჟო განხილვის წარმართვის სხვა ორგანიზაციული საკითხები. არბიტრმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მოდავე მხარეს, რომელიც საუბარს არ ესწრებოდა, საუბრის შინაარსის შესახებ და არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მეორე მხარისათვის მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობის მიცემის გარეშე.
გ) თუ სათანადოდ ინფორმირების მიუხედავად მხარე არ ესწრება საარბიტრაჟო განხილვას, ან თუ მხარეები წერილობით შეთანხმეული არიან ამაზე, არბიტრს შეუძლია განიხილოს საქმე გამოცხადებული მხარის დასწრებით.
- თუ მხარეთა შეთანხმებით, ან შესაბამისი საარბიტრაჟო წესებით სხვა რამ არ არის დადგენილი, არბიტრის მიერ ერთ-ერთი მხარისთვის წერილობითი მასალის/დოკუმენტის გაგზავნის შემთხვევაში, არბიტრი ვალდებულია ასლი გაუგზავნოს მეორე მხარესაც. თუ არბიტრმა ერთ-ერთი მხარისგან განსახილველი საქმის თაობაზე ისეთი წერილობითი მასალა/დოკუმენტი მიიღო, რომელიც მეორე მხარეს არ გაეგზავნა, არბიტრი ვალდებულია თვითონ გაუგზავნოს ან გააგზავნინოს დანარჩენი მხარეებისთვის.
პრინციპი IV. არბიტრმა საარბიტრაჟო განხილვა უნდა წარმართოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად
- არბიტრი ვალდებულია უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა საარბიტრაჟო განხილვის პროცესში, იგი უნდა იყოს თავშეკავებული და თავაზიანი როგორც მხარეების, ასევე მათი წარმომადგენლების და მოწმეების მიმართ და იგივე ქმედებისკენ მოუწოდოს პროცესის ყველა მონაწილეს;
- არბიტრმა უნდა მისცეს ყველა მხარეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა და შეატყობინოს განხილვის ჩატარების დრო და ადგილი. არბიტრმა ყველა მხარეს უნდა მისცეს მტკიცებულებების და არგუმენტების წარმოდგენის თანაბარი შესაძლებლობა;
- თუ მხარე სათანადო შეტყობინების მიუხედავად არ გამოცხადდება საარბიტრაჟო განხილვაზე, არბიტრმა საარბიტრაჟო განხილვა უნდა განაგრძოს მხოლოდ მას შემდეგ რაც დარწმუნდება, რომ მხარეს ნამდვილად გაეგზავნა შეტყობინება საარბიტრაჟო განხილვის ჩატარების შესახებ;
- არბიტრს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს დავის მორიგებით დასრულება, მედიაცია ან დავის გადაწყვეტა სხვა მექანიზმის გამოყენებით, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს რომელიმე მხარეზე ზეწოლით. არბიტრი არ უნდა ესწრებოდეს და არც სხვაგვარად მონაწილეობდეს მხარეთა მორიგების პროცესში, ასევე არ უნდა იყოს მედიატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთავაზებულ დავის გადაწყვეტის მექანიზმთან დაკავშირებული ყველა რისკის სრულად გაცნობის შემდეგ ყველა მხარე თანხმდება წერილობით ამის შესახებ.
- ერთზე მეტი არბიტრის დანიშვნის შემთხვევაში არბიტრები სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებით.
პრინციპი V. არბიტრმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და გააზრებულად
- არბიტრი ვალდებულია, მისთვის წარდგენილ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვიტილება მიიღოს გულმოდგინე განსჯის შედეგად. არბიტრმა არ უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება საკითხზე, რომლის გადაწყვეტის მოთხოვნაც მხარეებს არ დაუყენებიათ.
- არბიტრმა საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა გადაწყვიტოს გარეშე ფაქტორების ზეგავლენის გარეშე.
- არბიტრს არა აქვს უფლება დავის განხილვასთან დაკავშირებული თავისი უფლებამოსილება გადასცეს სხვა პირს.
- თუ ყველა მხარე თანახმაა დავის მორიგებით დასრულებაზე და არბიტრს სთხოვენ ასახოს დავის მორიგებით დასრულება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში, ის ვალდებულია ასე მოიქცეს, თუ ფიქრობს, რომ მორიგების პირობები სწორად ასახავს მხარეთა ნებას და არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
პრინციპი VI. არბიტრი ვალდებულია დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საარბიტრაჟო განხილვის პროცესში
- არბიტრი სარგებლობს მხარეთა ნდობით და საარბიტრაჟო განხილვისა და მისი დასრულების შემდეგ არც ერთ ეტაპზე არ აქვს უფლება გამოიყენოს საარბიტრაჟო განხილვის დროს მისთვის გამჟღავნებული კონფიდენციალური ინფორმაცია პირადი ან სხვა პირთა მიზნებისთვის ან სხვა პირთა ინტერესების საწინააღმდეგოდ.
- არბიტრი ვალდებულია კონფიდენციალურად შეინახოს საარბიტრაჟო განხილვასა და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. არბიტრს შეუძლია გამოიყენოს იურისტის ან ასისტენტის დახმარება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არბიტრი აცნობებს მხარეებს ამგვარი დახმარების მიღების შესახებ და დამხმარე პირები თანახმა იქნებიან, რომ დაემორჩილონ ამ პრინციპით დადგენილ მოთხოვნებს.
- არბიტრს არა აქვს უფლება წინასწარ გაანდოს მხარეებს ან მესამე პირებს სარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსი, ვიდრე ამის შესახებ მხარეებს ოფიციალურად არ ეცნობებათ. ერთზე მეტი არბიტრის მიერ დავის განხილვის შემთხვევაში, არბიტრი ვალდებულია კონფიდენციალურად შეინახოს სხვა არბიტრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, არბიტრმა არ უნდა გასწიოს დახმარება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების ან გასაჩივრების პროცესში.
პრინციპი VII. არბიტრმა ჰონორარი და არბიტრაჟთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განსაზღვროს გონივრულად და კეთილსინდისიერად
- არბიტრი, რომელსაც უნდა აუნაზღაურდეს თავისი შრომა ან უნდა მოხდეს ხარჯების კომპენსაცია, უნდა იყოს სამართლიანი ამ ხარჯების და კომპენაციის დადგენისას.
- არბიტრი ვალდებულია თავიდან აიცილოს გაუმართლებელი ხარჯები და დროის გაჭიანურება.
- არბიტრებისთვის ანაზღაურების გადახდასთან დაკავშირებული პრაქტიკა ძირითადად მოიცავს შემდეგ შემთხვევებს:
ა) სანამ არბიტრი საბოლოოდ განაცხადებს თანხმობას არბიტრად დანიშვნაზე, დადგენილ უნდა იქნეს: ანაზღაურების და სხვადასხვა ხარჯების კომპენსაციის ოდენობა, როგორიცაა კომპენსაცია გადადგომის შემთხვევაში, ჩატარებული კვლევის და დახარჯული დროის კომპენსაცია და სხვა ხარჯები.
ბ) თუ დავის განხილვა ხორციელდება საარბიტრაჟო დაწესებულების საშუალებით, მაშინ არბიტრის ანაზღაურების საკითხი წყდება ამ დაწესებულების მეშვეობით. თუ დავის განხილვა ხდება ასეთი დაწესებულების გარეშე, ან/და დავის მონაწილე მხარეთა მიერ შეთანხმებული დავის განხილვის პროცედურებით არ არის განსაზღვრული არბიტრების ანაზღაურების საკითხი, მაშინ არბიტრის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს დავის მონაწილე ყველა მხარის თანდასწრებით.
გ) არბიტრმა არ უნდა მოითხოვოს კომპენსაციის ოდენობის გაზრდა საარბიტრაჟო განხილვების განმავლობაში, გარდა განსაკურებული შემთხვევებისა.
პრინციპი VIII. არბიტრს შეუძლია ჩაერთოს საარბიტრაჟო მომსახურების კეთილსინდისიერ პოპულარიზაცისა და რეკლამირებაში
- არბიტრის მიერ განხორციელებული რეკლამა უნდა იყოს ზუსტი და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. ნებისმიერი განცხადება, არბიტრის ან საარბიტრაჟო ინსტიტუტის საქმიანობის ხარისხზე ან წარმატებულ პრაქტიკაზე უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს.
- რეკლამირება და პოპულარიზაცია არ უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ არბიტრად დანიშვნა მიღებული იქნება ამ კოდექსის წესების საწინააღმდეგოდ.