წესდება
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
წესდება
მიღებულია 2017 წლის 16 დეკემბერს ქ. თბილისში ასოციაციის დამფუძნებელ წევრთა საერთო კრების მიერ
თავი 1. ზოგადი დებულებები
- ორგანიზაციის სახელწოდება და საქმიანობის ფორმა
- საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (შემდგომში – ,,ასოციაცია’’) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
- ასოციაციის სახელწოდება ინგლისურ ენაზე განისაზღვრება შემდეგნაირად: Georgian Association of Arbitrators (შემდგომში – „GAA“).
- ორგანიზაციის იურიდიული მისამართი და ელექტრონული ფოსტა
ასოციაციის იურიდიულ და ელექტრონული ფოსტის მისამართს განსაზღვრავს მმართველი საბჭო..
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2019 წლის 01 ივნისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- ასოციაციის მიზნები
ასოციაციის საქმიანობის მიზნებია:
ა) არბიტრაჟის, როგორც დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შესახებ ცნობადობის და მისდამი ნდობის ამაღლება საზოგადოებაში;
ბ) არბიტრთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიონალიზმის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფა;
გ) პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება;
დ) საქართველოში არბიტრაჟის გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, საკანონმდებლო თუ სხვა სახის ინიციატივების გზით;
თავი 2. ასოციაციის ორგანოები
- საერთო კრება
- საერთო კრება ასოციაციის უმაღლესი ორგანოა. თითეულ წევრს უფლება აქვს პერსონალურად მიიღოს მონაწილეობა საერთო კრებაში, გამოთქვას საკუთარი აზრი და მისცეს ხმა.
- საერთო კრების ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. დღის წესრიგში შემავალ საკითხზე ხმის მიცემა შეიძლება როგორც წერილობით, ასვე ზეპირად. ხმის მიცემის ფორმას განსაზღვრავს მმართველი საბჭო.
- მორიგი საერთო კრება იმართება წელიწადში ერთხელ არაუგვიანეს 1 ივნისისა. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა მმართველი საბჭოს ინიციატივით ან ასოციაციის წევრთა არანაკლებ 1/10-ის წერილობითი მოთხოვნით.
- შეტყობინება საერთო კრების მოწვევის თაობაზე უნდა განხორციელდეს დაზღვეული წერილით, ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა.
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2019 წლის 01 ივნისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- საერთო კრებას ხელმძღვანელობს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას – მმართველი საბჭოს უხუცესი წევრი.
- კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ასოციაციის წევრთა სულ მცირე ¼.
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2018 წლის 04 მაისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, გარდა წესდებაში ცვლილების შეტანის, აგრეთვე ასოციაციის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღება დამსწრეთა 2/3-ის უმრავლესობით.
- საერთო კრება უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს შემდეგ საკითხებზე:
ა) წლიური ანგარიშის დამტკიცება;
ბ) აუდიტორის შერჩევა;
გ) მმართველი საბჭოს წევრების არჩევა და საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;
დ) წლიური საწევროს ოდენობის განსაზღვრა;
ე) არბიტრთა ეთიკის კოდექსის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;
ვ) არბიტრთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური საქმისწარმოების შესახებ დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;
ზ) დისციპლინური კომისიის წევრთა არჩევა და კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;
თ) არბიტრთა აკრედიტაციის მექანიზმის დამტკიცება და არსებულ მექანიზმში ცვლილების შეტანა;
ი) ასოციაციის წესდებაში ცვლილების შეტანა.
- მმართველი საბჭო
- ასოციაციის საქმიანობას წარმართავს მმართველი საბჭო (შემდგომში – ,,საბჭო’’). საბჭო შედგება არანაკლებ 6 და არაუმეტეს 9 წევრისაგან. საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.
- საბჭოს წევრებს, 2 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. ასოციაციის წევრს უფლება აქვს მმართველ საბჭოში კანდიდატად წარადგინოს როგორც თავისი თავი, ასევე ასოციაციის სხვა წევრი(ები).
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2019 წლის 01 ივნისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- მმართველი საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატის წარდგენა შეიძლება საერთო კრებამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ასოციაციის თავმჯდომარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის ავტობიოგრაფია, აგრეთვე მისი თანხმობა, თუ კანდიდატი სხვა პირმა წარადგინა.
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2019 წლის 01 ივნისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- ერთი და იმავე პირის საბჭოს წევრად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უნარჩუნდება ვადის გასვლის შემდეგ, მორიგ საერთო კრებაზე მისი უფლებამონაცვლის არჩევამდე.
- თუ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე საბჭოს წევრი გადადგება, საბჭო უფლებამოსილია, მისი უფლებამონაცვლის არჩევამდე, დანიშნოს საბჭოს წევრის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.
- საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად საბჭოს თავმჯდომარეცაა (შემდგომში – „თავმჯდომარე’’) და მის მოადგილეს 2 წლის ვადით. თავმჯდომარეს უფლებამოსილება უნარჩუნდება ვადის გასვლის შემდეგ, საბჭოს მორიგ სხდომაზე ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.
- საბჭოს სხდომას იწვევს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან საბჭოს წევრის მოთხოვნით. თუ საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრის მოთხოვნით არ მოიწვია სხდომა მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში, საბჭო უფლებამოსილია შეიკრიბოს თავისი უფლებით.
- საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც.
- გარდა ამ დებულების მე-12 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
- საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს მისი მოწვევიდან არაუადრეს მე-3 დღისა. გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც საბჭოს ყველა წევრი თანახმაა სხდომის უფრო ადრე ჩატარებაზე.
- საბჭოს სხდომები იმართება უშუალოდ და/ან ინტერნეტ-კონფერენციის სახით. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლოა სხდომის მოწვევის ნაცვლად საბჭოს ყველა ან რომელიმე წევრს ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაეგზავნოს განსახილველი საკითხები, რაზედაც წევრები ელექტრონული ფორმითვე გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ან/და მიიღებენ გადაწყვეტილებას დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.
- მმართველი საბჭოს უფლებამოსილება
- საბჭო ხელმძღვანელობს და წარმართავს ასოციაციის საქმიანობას.
- საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც არ შედის საერთო კრების უფლებამოსილებაში.
- საბჭო პასუხისმგებელია ასოციაციაციის სახსრების განკარგვაზე.
- საბჭოს თავმჯდომარე წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
- დისციპლინური კომისია და მისი შემადგენლობა
- დისციპლინური კომისია (შემდგომში – „კომისია“) დამოუკიდებელია ასოციაციის სხვა ორგანოებისა და მესამე პირებისაგან. იგი თავის საქმიანობას ახორციელებს ამ დებულების, ასოციაციის წესდებისა და კოდექსის ნორმების საფუძველზე.
- კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ასოციაციის სახელით.
- კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომელთაგან არანაკლებ ოთხი ასოციაციის წევრი უნდა იყოს.
- დისციპლინური კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს ერთი საარბიტრაჟო დაწესებულების მმართველი ორგანოს ან დამფუძნებელთა ერთზე მეტი წარმომადგენელი.
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2019 წლის 01 ივნისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- კომისიის წევრი შეიძლება იყოს პირი 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სულ ცოტა 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება და რომლის მიმართ ბოლო 5 წლის განმავლობაში არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის არცერთი ზომა.
- კომისიის წევრობა შეუთავსებელია მმართველი საბჭოს წევრობასთან.
- დისციპლინური კომისიის წევრის არჩევა
- დისციპლინური კომისიის წევრებს ფარული კენჭისყრით ირჩევს საერთო კრება. არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრის მონაწილეთა ერთი მესამედისა. თუ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო შეუძლებელია გამარჯვებულის გამოვლენა, დაინიშნება განმეორებითი კენჭისყრა.
- კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ასოციაციის წევრს. მას უფლება აქვს კანდიდატად წარადგინოს როგორც ასოციაციის წევრი, მათ შორის, თავისი თავი, ასევე ასოციაციის არაწევრი პირი.
- კომისიის წევრობის მსურველი კანდიდატის წარდგენა შეიძლება საერთო კრებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ასოციაციის თავმჯდომარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის ავტობიოგრაფია, აგრეთვე მისი თანხმობა, თუ კანდიდატი სხვა პირმა წარადგინა.
- კომისიის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ კომისიის წევრს უნარჩუნდება სტატუსი ახალი წევრის არჩევამდე.
- კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლე აირჩევა ყოფილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. არჩევნები ჩატარდება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 თვის ვადაში. უფლებამონაცვლე არ აირჩევა, თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი.
- ერთი და იგივე პირი დისციპლინური კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
- 2 წელიწადში ერთხელ ხდება კომისიის შემადგენლობის ნახევრის როტაცია.
- დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე
- დისციპლინური კომისია თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 2 წლის ვადით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს.
- დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე:
ა) ანაწილებს საქმეებს წევრებს შორის;
ბ) იწვევს და წარმართავს დისციპლინური კომისიის სხდომას;
გ) ახორციელებს დისციპლინური კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელ სხვა უფლებამოსილებას.
- დისციპლინური კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- დისციპლინური კომისიის წევრს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეუწყდეს საერთო კრების გადაწყვეტილებით ან პირადი განცხადებით.
- საერთო კრების მიერ წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:
ა) თავისი უფლებამოსილების შეუსრულებლობა;
ბ) ამ დებულების შესაბამისად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება;
გ) საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრის სტატუსის შეწყვეტა.
- დისციპლინური კომისიის თავმჯდომარის გადარჩევა შეიძლება ნებისმიერ დროს ახალი თავმჯდომარის არჩევით.
- დისციპლინური კომისიის წევრის პასუხისმგებლობა
დისციპლინური კომისიის წევრს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა თავისი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისას, მათ შორის, თავისი მოვალეობის შესრულების შედეგისთვის.
- დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება
თუ დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილება ითვალისწინებს წევრობის შეჩერებას ან წევრის გარიცხვას, გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ მას აღასრულებს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭო.
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2019 წლის 01 ივნისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება
- დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილება არბიტრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2019 წლის 01 ივნისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- გადაწყვეტილების გასაჩივრებისას დაუშვებელია ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის წარდგენა.
თავი 3. ასოციაციის წევრობა
- წევრობა და საწევრო გადასახადი
- ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს ასოციაციის მმართველი საბჭო. ასოციაციის წევრები შეიძლება გახდნენ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
- საბჭო უფლებამოსილია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიანიჭოს ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსი.
- ასოციაციაში გაწევრიანების ფორმასა და პროცედურას ადგენს მმართველი საბჭო.
- ასოციაციის ყოველი წევრი ვალდებულია ასოციაციას გადაუხადოს წლიური საწევრო, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საერთო კრების მიერ და შეადგენს 100 ლარს. წლიური საწევროს გადაუხდელობის შემთხვევაში მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით პირს შესაძლოა შეუწყდეს წევრის სტატუსი.
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2018 წლის 04 მაისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- ასოციაციის საპატიო წევრებს არ მოეთხოვებათ საწევროს გადახდა.
თავი 4. დასკვნითი დებულებები
- საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების შესახებ შეტყობინება
ასოციაციის წევრი ვალდებულია მისამართის, ელექტრონული ფოსტის ან/და ფაქსის შეცვლის შემთხვევაში ახალი მონაცემები მიაწოდოს ასოციაციის მმართველ საბჭოს. ამასთანავე, ახალი საკონტაქტო ინფორმაციის მმართველი საბჭოსთვის მიუწვდობლობის ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის წევრს.
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2019 წლის 01 ივნისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- წერილობითი შეტყობინების/მოთხოვნის გაგზავნის წესი
წესდებით გათვალისწინებულ წერილობით კომუნიკაციას (შეტყობინებას, მოთხოვნას) უთანაბრდება ელექტრონული ფოსტით მიწოდებული კომუნიკაცია.
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2019 წლის 01 ივნისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- ლიკვიდაცია
ასოციაციის ლიკვიდაციის განხორციელების პარალელურად, მმართველმა საბჭომ უნდა განსაზღვროს ის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც გადაეცემა ასოციაციის აქტივები.
- გარდამავალი დებულებები
- ასოციაციის დამფუძნებელ წევრებს ხმის უფლება უწყდებათ მას შემდეგ, რაც 50 ან მეტი პირი გაივლის ასოციაციის მიერ დადგენილ აკრედიტაციის პროცესს, გადაიხდის საწევროს და გახდება ასოციაციის აკრედიტებული წევრი.
შენიშვნა: ცვლილება შესულია 2019 წლის 01 ივნისის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- საბჭო ვალდებულია მოიწვიოს ასოციაციის წევრთა საერთო კრება ასოციაციაში ასოციაციის მიერ აკრედიტებული 50 ან მეტი წევრის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში.
- მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ძალაში შედის ახალი მმართველო საბჭოს არჩევის შემდგომ.
- ამ წესდების მე-8 მუხლის შესაბამისად დისციპლინური კომისიის პირველი შემადგენლობის წევრთა არჩევისთანავე ასოციაციის საერთო კრება წილისყრით გამოავლენს კომისიის იმ 3 წევრს, რომელთა უფლებამოსილების ვადაც 2 წლით განისაზღვრება.
- დისციპლინური კომისიის პირველი შემადგენლობის წევრთა უფლებამოსილების ვადის დაწყების თარიღად ჩაითვალოს 2018 წლის 20 მარტი.