ხშირად დასმული კითხვები
არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 1.2 მუხლის თანახმად „არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.” პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობა გულისხმობს კერძოსამართლებრივი ბუნების ურთიერთობას, ხოლო ქონებრივი დავა, გულისხმობს დავას, რომელიც არ ეხება პირად არაქონებრივ უფლებას.
ინსტიტუციონალურ საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირებას ახდენს საარბიტრაჟო ინსტიტუტი, როგორც წესი, დავა განიხილება ამავე საარბიტრაჟო ინსტიტუტის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. ad hoc არბიტრაჟის შემთხვევაში, მხარეები თანხმდებიან თავად (და მათ მიერ დანიშნულ არბიტრებთან ერთად), წარმართონ საარბიტრაჟო პროცესი, საარბიტრაჟო ინსტიტუტის ადმინისტრირების გარეშე, მათ მიერ შედგენილი წესების შესაბამისად. მხარეები შესაძლოა, ასევე, შეთანხმდნენ უკვე მზა საარბიტრაჟო წესების გამოყენებაზე (როგორიცაა UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესები).
არბიტრაჟის შესახებ კანონის მე-9 მუხლის თანახმად „სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.“ შესაბამისად, დავის არბიტრაჟისათვის გადასაცემად აუცილებელია, რომ მოპასუხე მხარემ მისთვის დადგენილ ვადაში (შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე: 14-21 დღე) წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიუთითებს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობაზე. თუ არცერთი მხარე არ მიუთითებს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობაზე, მიიჩნევა, რომ მხარეებმა უარი თქვეს საარბიტრაჟო შეთანხმებაზე და დავას განიხილავს სასამართლო.
საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.
საარბიტრაჟო გადაწტვეტილება როგორც წესი საბოლოოა და მისი, სასამართლოს მიერ, არსებითი გადახედვა არ ხდება.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებაზე საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის სასამართლომ უნდა შეამოწმოს:
ა. არის თუ არა საჩივარი სასამართლოს განსჯადი;
ბ. აყენებს თუ არა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას უფლებამოსილი პირი;
გ. წარდგენილია თუ არა საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებაზე კანონით დადგენილ ვადაში;
დ. ერთვის თუ არა საჩივარს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ე. წარდგენილია თუ არა საჩივარი იმავე საფუძვლებით, რომლებსაც მხარე ეყრდნობოდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობააღსრულების განხილვისას.
მხარემ განცხადებას უნდა დაურთოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამოწმებული დედანი ან მისი დამოწმებული ასლი. დამოწმებულ დედანში მოიაზრება არა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსის, არამედ მასზე არბიტრთა ხელმოწერების დამოწმება; ხოლო, დამოწმებული ასლი გულისხმობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან მისი შესაბამისობის დამოწმებას.