სიახლეები
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე!
ა(ა)იპ საქართველოს არბიტრთა ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მიზანია საქართველოში არბიტრაჟის და არბიტრთა პროფესიის განვითარების ხელშეწყობა.
დასახული მიზნების მისაღწევად, ასოციაცია უკვე 10 წელია საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. ასოციაციის საქმიანობის მიმართულებებს წარმოადგენს:
- არბიტრაჟის კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივების მომზადება და ადვოკატირება;
- არბიტრაჟის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, სასამართლო ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით მოსამართლეების ცნობიერების გაზრდა, სასამართლო პრაქტიკისა და სტატისტიკის ანალიზი;
- არბიტრაჟის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, არბიტრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება და დანერგვა;
- არბიტრთა პროფესიული განვითარებისთვის, აკრედიტაციის პროგრამის დანერგვა და განხორციელება;
- არბიტრაჟის სფეროში განათლების ხელშესაწყობად, იმიტირებული პროცესების, სტუდენტთა შეჯიბრებისა და სხვა აქტივობების ორგანიზება;
- პროფესიული ტრეინინგ პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
ასოციაციის ახალი წესდების შესაბამისად, ასოციაციის მართვა ხორციელდება წევრების მიერ არჩეული გამგეობისა და გამგეობის მიერ დანიშნული აღმასრულებელი დირექტორის მიერ. გამგეობა არჩეულია ორი წლის ვადით და ეკისრება აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქცია.
აღმასრულებელი დირექტორის ფუნქცია-მოვალეობები
აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ასოციაციის 10 წლიანი არსებობის ისტორიაში პირველად 2023 წლის ივნისის თვეში განხორციელებული კორპორაციული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. აღმასრულებელი დირექტორი, ინიშნება გამგეობის მიერ და პასუხისმგებელია ასოციაციის ყოველდღიურ მართვასა და წარმომადგენლობაზე მესამე პირებთან. აღმასრულებელი დირექტორი ინიშნება 2 წლის ვადით. აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობები მოიცავს:
- ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის და თანამშრომლების მართვა.
- გამგეობასთან თანამშრომლობით სტრატეგიის განსაზღვრა.
- სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობისთვის საჭირო სამოქმედო გეგმების შემუშავება.
- საერთო კრების და/ან გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება / შესრულებაზე ზედამხედველობა.
- გადაწყვეტილებების მიღება, ბრძანებების გამოცემა, და ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც არ შედის საერთო კრების ან/და გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში;
- დაინტერესებულ და ჩართულ მხარეებთან (საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, დონორი ორგანიზაციები, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ასოციაციები, ბიზნეს ორგანიზაციები, ასოციაციის წევრები და ბენეფიციარები) კოორდინაცია.
- განსახორციელებელი და დასაფინანსებელი პროექტების იდენტიფიცირება, მოძიება და პრიორიტიზირება; საპროექტო განაცხადების მომზადება და დონორებთან კომუნიკაცია.
- ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამების და პროექტები მართვა;
- ფინანსურ მენეჯერთან/ბუღალტერთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ფინანსური მართვის (ბიუჯეტის შედგენა, მონიტორინგი და კონტროლი, ანგარიშგება და მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება) და ოპერაციების (ფინანსური ოპერაციებისა და ტრანზაქციების ავტორიზაცია, ფინანსური დოკუმენტაციის ხელმოწერა, საბანკო ანგარიშების გახსნა და დახურვა) უზრუნველყოფის მიზნით.
- ორგანიზაციისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფა, ორგანიზაციის განვითარების ხელშეწყობისა და მიმდინარე და/ან პროექტის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; ხარჯების ოპტიმიზაცია და შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა.
- შიდა მოხმარების სხვადასხვა დოკუმენტების, პროცედურების, სახელმძღვანელოებისა და რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფა.
- საწევროს გადახდის წინასწარი შეტყობინების სისტემის დანერგვა და საწევროს გადახდის მონიტორინგი.
- ორგანიზაციის სერვისების განვითარება და გაყიდვა.
- გამგეობისთვის სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშებისა და ფინანსური ანგარიშების წარდგენა ყოველ 6 თვეში ან ნებისმიერ დროს, გამგეობის ან/და საერთო კრების მოთხოვნის საფუძველზე.
მოთხოვნები აღმასრულებელი დირექტორის პოზიციისთვის:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
- იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
- საარბიტრაჟო სფეროს ცოდნა
- პროექტების მართვის გამოცდილება
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა
ასოციაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად არ შეიძლება იყოს:
- ასოციაციის გამგეობის წევრი;
- ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი;
- საქართველოში მოქმედი რომელიმე საარბიტრაჟო დაწესებულების/ინსტიტუტის/ცენტრის/ორგანიზაციის, რომელიც მხარეებს სთავაზობს მედიაციის თუ არბიტრაჟის თუ სხვა ტიპის დავების ადმინისტრირების მომსახურებას („საარბიტრაჟო დაწესებულება“), ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, ნებისმიერი ასეთი ორგანიზაციის ნებისმიერი ორგანოს წევრი ან თანამდებობის პირი და არ უნდა ფლობდეს ასეთ ორგანიზაციაში რაიმე წილს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ინტერესს ან ორგანიზაციის საქმიანობაზე, მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე რაიმე ტიპის სამართლებრივ გავლენას. აღნიშნული შეზღუდვა არ გულისხმობს საარბიტრაჟო დაწესებულების წესებით გამართულ საარბიტრაჟო განხილვაში არბიტრად მონაწილეობას ან საარბიტრაჟო დაწესებულების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდირებულ არბიტრთა სიაში ყოფნას.
ანაზღაურება:
კომპენსაცია განისაზღვრება ფიქსირებული და ცვლადი ანაზღაურებით ასოციაციის პროექტებიდან და დადგინდება შესაბამისი ხელშეკრულებით.
სამუშაო დრო:
სრული განაკვეთი მოქნილი გრაფიკით
სამუშაო ადგილი:
ასოციაციას არ აქვს ოფისი და საქმიანობას ახორციელებს remote work პრინციპის საფუძველზე.
შერჩევის პროცესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე gaa.arbitration@gmail.com არა უგვიანეს 2023 წლის 23 ივლისის 18:00 საათისა. მიღებული განაცხადების განხილვის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან დაინიშნება გასაუბრება.