სიახლეები
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის საბაზისო კურსი (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჟში წარმატებით დასრულდა
2019 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის მიერ შეთავაზებული I მოდული, რაც პირველი ნაბიჯია არბიტრთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული არბიტრის სტატუსის მისაღებად. მოდულში მონაწილეობის მიზნით შეირჩა ასოციაციის 11 წევრი და 9 არაწევრი უირისტი. 9 სასესიო შეხვედრის შედეგად მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ და იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: არბიტრაჟის მარეგულირებელი ჩარჩო, საარბიტრაჟო შეთანხმების მნიშვნელობა, შედგენა და აღსრულება, სასამართლოს როლი საარბიტრაჟო პროცესში, მანამდე და მის შემდეგ; საარბიტრაჟო პროცესი – არბიტრაჟის დაწყებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე (პრინციპები, ეტაპები, დოკუმენტები, წესები, ეთიკური ნორმები), საარბიტრაჟო გადაწვეტილების გაუქმება და ცნობა-აღსრულება. კურსის ფარგლებში მონაწილეებს ასევე მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საინვესტიციო არბიტრაჟის საფუძვლებს.
პირველი მოდულის წამყვანი ტრენერები იყვნენ იურიდიული ფირმა BLC-ის უფროსი იურისტი რუსუდან ჭკუასელი და ასოციაციის თავმჯდომრე, სოფიო ტყემალაძე. მათთან ერთად სხვადასხვა სასესიო შეხვედრას უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები: ნინო ბაქაქური (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე), ბექა ინჯია (საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი), ირაკლი კორძახია (სპს „კორძახია, ჟღენტი“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი), ქეთი მესხიშვილი (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე), ლაშა ნოდია (შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“), ლიანა ქარცივაძე (ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)) და დათა ხაჭვანი (იურიდიული ფირმა Lévy Kaufmann-Kohler).
მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 1-ლი მოდულის გამოცდა, საშუალება ექნებათ 2020 წელს გაიარონ აკადემიის მე-II მოდული – საარბიტრაჟო პრაქტიკა, პროცესი, გადაწყვეტილება. I მოდულისგან განსხვავებით მე-II მოდულის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ მეტი დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება პრაქტიკულ ასპექტებზე: საარბიტრაჟო პროცესის დაგეგმვა და მართვა, სხვადასხვა პროცედურული დოკუმენტების შედგენა, რთულ პრაქტიკულ სიტუაციებთან გამკლავება და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედგენა. მე-II მოდულის წარმატებით გავლა ასოციაციის აკრედიტებული არბიტრის სტატუსის მინიჭების წინაპირობაა.
ამასთანავე, დიდი ინტერესის და მოთხოვნის გამო, ასოციაცია გეგმავს 2020 წელს ხელთავიდან შესთავაზოს I მოდული. I მოდულში მონაწილეობის ინტერესის შემთხვევაში, შეგიძლიათ წინასწარ დაუკავშირდეთ და „დააზღვიოთ“ თქვენი ადგილი შემდეგ მისამართზე: gaa.arbitration@gmail.com
არბიტრთა აკრედიტაციის სისტემის დანერგვის და I მოდულის განხორციელების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).







