სიახლეები
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება
2019 წლის 1 ივნისს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა.
საერთო კრების პირველი ნაწილი 2018 წლის ანგარიშის განხილვას და დამტკიცებას დაეთმო, რომელიც ასოციაციის წევრებს მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ტყემალაძემ წარუდგინა. 2018 წლის ანგარიშის დამტკიცების შემდგომ, წევრებმა იმსჯელეს ასოციაციის 2019 წლის პრიორიტეტებზე. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის 2019 წლის აქტივობების უმეტესობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდება, ახლი 18-თვიანი გრანტის ფარგლებში.
გარდა წლიური ანგარიშის დამტკიცებისა და მომდევნო წლის გეგმების განხილვისა, წლევანდელ კრებაზე მოხდა რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება:
- დამტკიცდა არბიტრთა აკრედიტაციის სისტემა. სისტემის თანახმად, ასოციაციაში დამკვიდრდება აკრედიტებული არბიტრის სტატუსი, რასაც ასოციაცია გასცემს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. ასევე, ასოციაცია 2019 წლიდან დაიწყებს სასწავლო მოდულების შეთავაზებას, რომელთა წარმატებით გავლის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ ასოციაციის მიერ აკრედიტებული არბიტრები;
- შევიდა ცვლილებები წესდებაში, რაც ასოციაციის საქმიანობას უფრო მოქნილს და ეფექტიანს გახდის;
- შევიდა ცვლილებები დისციპლინური წარმოების წესებში, რითაც გაიმიჯნა მომკვლევის ინსტიტუტი და განმტკიცდა მისი დამოუკიდებლობის გარანტიები;
ორივე დოკუმენტის ახალი რედაქცია, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე, დაიდება ასოციაციის ვებ გვერდზე.
კრების ბოლოს მოხდა ასოციაციის მმართველი საბჭოსა და დისციპლინური კომისიის წევრების არჩევა. კრებამ ფარული კენჭისყრით აირჩია შემდეგი პირები:
მმართველი საბჭოს წევრები:
- სოფიო ტყემალაძე (მეორე ვადით)
- გიგა ბათლიძე (მეორე ვადით)
- ბექა ინჯია (მეორე ვადით)
- სერგი ჯორბენაძე (პირველი ვადით)
- თეონა ჟიჟიაშვილი (პირველი ვადით)
- ჯაბა გველებიანი (პირველი ვადით)
- მაჯა ნაჭყებია (პირველი ვადით)
- ოლია სეფიაშვილი (პირველი ვადით)
დისციპლინური კომისიის წევრები:
- გიორგი თითბერიძე
- მაკა თოდუა
- ლაშა ნოდია
- კახა წიქარიშვილი
რომლებიც შეუერთდებიან დისციპლინური კომისიის არსებულ წევრებს, ლევან ნანობაშვილს და ლინა ჯიქიას.
ასოციაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მმართველი საბჭოს გამავალ წევრებს: ლაშა ნოდიას, ვახტანგ ხმალაძეს, ირაკლი კორძახიას, გიორგი თითბერიძეს და იამზე ლეგაშვილს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ასოციაციის 2018 წლის საქმიანობაში და მოლოდინია, რომ გააგრძელებენ აქტიურობას, როგორც ასოციაციის წევრები.