სიახლეები
საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ დისციპლინური კომისიის წევრები აირჩია
2018 წლის 4 მაისს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა. კრებაზე გახსნითი სიტყვით წარდგა UNDP-ის წარმომადგენელი რუსუდან ტუშური და დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის მხარდაჭერის პროექტი გააცნო.
საერთო კრების პირველი ნაწილი არბიტრთა ეთიკის სტანდარტების განხილვასდაეთმო . წევრებმა დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს ეთიკურ გამოწვევებზე და პრაქტიკაში არსებულ პრობლემებზე. ამის შემდგომ, ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ტყემალაძემ კრებას გამგეობის მიერ ინიცირებული წესდებაში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. ასოციაციის წევრებმა იმსჯელეს და კვალიფიციური უმრავლესობით დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რომელთა შედეგად ყოველწლიური საწევრო გადასახადი გახდა 100 ლარი (ნაცვლად 50 ლარისა) ხოლო კრების ქვორუმი გახდა 25% (ნაცვლად 50%-ისა.). ცვლილებების მიზანია ხელი შეუწყოს არბიტრთა ასოციაციის საქმიანობის მდგრადობას და მოქნილობას.
კრების ბოლო ნაწილში წარდგენილ იქნენ ასოციაციის დისციპლინური კომისიის წევრობის კანდიდატები. ნომინირებული 8 კანდიდატიდან კრებამ ფარული კენჭისყრით დისციპლინური კომისიის შემდეგი 6 წევრი აირჩია: ლევან ნანობაშვილი, ლინა ჯიქია, ნინო ბაქაქური, გიორგი ჯუღელი, ზვიად კორძაძე და მაკა ნაჭყებია. დისციპლინური კომისიის წევრების არჩევა მნიშნველოვანი და საბოლოო ნაბიჯია არბიტრთა ეთიკის კოდექსისა და არბიტრთა ასოციაციის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წარმოების წესების პრაქტიკაში ასამოქმედებლად.