სიახლეები
წევრთა საყურადღებოდ! მოწვევა მორიგ საერთო კრებაზე
2025 წლის 16 მაისს, საღამოს 18:30 საათზე გიწვევთ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მორიგ საერთო კრებაზე.
საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:
- გამგეობის მოკლე ანგარიში ბოლო 2 წლის საქმიანობასთან დაკავშირებით;
- გამგეობის მოსაზრების/რეკომენდაციის წარდგენა კრებისთვის FARA-დან გამომდინარე ასოციაციის ვალდებულებების თაობაზე;
- გამგეობის ახალი შემადგენლობის არჩევა;
- ეთიკის კომისიის 3 ახალი წევრის არჩევა;
გამგეობის წევრობასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ რომ:
გამგეობის არსებული შემადგენლობა ასრულებს ორწლიან სამუშაო ვადას და შესაბამისად, ორგანიზაციას უდგას განახლების ეტაპი.
გამგეობა შედგება სულ მცირე ექვსი მაგრამ არაუმეტეს ცხრა წევრისგან და აირჩევა ორგანიზაციის ხმის უფლების მქონე წევრების მიერ საერთო კრებაზე მათივე რიგებიდან, ორი წლის ვადით. წევრის გამგეობის წევრად განმეორებით არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში სასურველია არ შეიცვალოს გამგეობის წევრების 50%-ზე მეტი, რათა უზრუნველყოფილი იქნას საქმიანობის უწყვეტობა და ორგანიზაციის მმართველი გუნდის მხარდაჭერა.
თუ გსურთ კენჭი იყაროთ გამგეობაში, გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, რომელშიც განმარტავთ, თუ რატომ გსურთ გამგეობის წევრობა და როგორია თქვენი ხედვა ორგანიზაციის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. რეზიუმე და სამოტივაციო წერილი იგზავნება გამგეობის თავმჯდომარის სახელზე არაუგვიანეს 11 მაისისა (განცხადების მოქმედების ვადა), შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე gaa.arbitration@gmail.com
ეთიკის კომისიასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ რომ:
კომისია შედგება 6 წევრისგან, რომელთაგან მინიმუმ 4 უნდა იყოს ორგანიზაციის წევრი. კომისიის წევრები აირჩევიან 4 წლის ვადით და 2 წელიწადში ერთხელ ხდება კომისიის შემადგენლობის ნახევრის როტაცია.
ამჟამად, ვადა გაუვიდა კომისიის 3 წევრს და შესაბამისად, კომისიაში არის 3 ვაკანტური წევრის პოზიცია. ერთი და იგივე პირი ეთიკის კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
თუ გსურთ, რომ კენჭი იყაროთ ეთიკის კომისიაში, გთხოვთ გააკეთოთ შესაბამისი განაცხადი. განაცხადი უნდა გაკეთდეს გამგეობის თავმჯდომარის სახელზე გამოგზავნილი განცხადებით არა უგვიანეს 11 მაისისა, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე gaa.arbitration@gmail.com და უნდა მოიცავდეს ავტობიოგრაფიას, აგრეთვე თანხმობას, თუ თქვენი კანდიდატურა სხვა პირმა წარმოადგინა.
გაითვალისწინეთ, რომ ეთიკის კომისიაში ასარჩევად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: კომისიის წევრი შეიძლება იყოს პირი 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სულ ცოტა 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება და რომლის მიმართ ბოლო 5 წლის განმავლობაში არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის არცერთი ზომა.
საერთო კრება გაიმართება ფიზიკური შეხვედრის ფორმატით, თბილისში. ლოკაცია ზუსტდება და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ცალკე გეცნობებათ.
საერთო კრებაზე მონაწილეობის მიღება წევრებს შეუძლიათ როგორც პირადად, ისე წარმომადგენელის მეშვეობით, წესდების დადგენილი პროცედურების შესაბამისად. კერძოდ :
“წარმომადგენლობითი უფლება დასტურდება ნოტარიუსის მიერ წევრის მიერ გაცემულ მინდობილობაზე ხელმოწერის დადასტურებით ან წევრის მიერ გამგეობის თავმჯდომარისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებით, რომელშიც მიეთითება წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მინდობილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. საერთო კრებაში მონაწილე ერთ წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს მაქსიმუმ 2 სხვა წევრი მინდობილობის საფუძველზე. “
გთხოვთ, თქვენი პოზიცია, კრებაზე დასწრების შესახებ, ელ.ფოსტის მეშვეობით, გვაცნობოთ არა უგვიანეს 11 მაისის, 18:00 სთ-ისა და დაელოდოთ დამატებით შეტყობინებებს!
ვიმედოვნებთ, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამონახავთ დროს და მონაწილეობას მიიღებთ საერთო კრებაზე.