სიახლეები
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის განცხადება სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკასთან დაკავშირებით
ჩვენთვის ცნობილი გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე, რომელში გამოხატული სამართლებრივი პოზიციაც, ჩვენი მოსაზრებით, არ შეესაბამება მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს შინაარსა და მიზანს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პრეცედენტის შექმნა და მით უფრო, პრაქტიკაში განმტკიცება, არსებითად შეაფერხებს არბიტრაჟის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის, განვითარებას საქართველოში.
მოწოდებული ინფორმაციის და განჩინების ასლის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლო, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების განცხადებას არ იღებს წარმოებაში, თუ წარდგენილი არის საარბიტრაჟო შეთანხმების „არადედანი (არა სველი) სახით“. საქმე ეხება შემთხვევ(ებ)ას, როდესაც შეთანხმება დადებული არის დასკანერებული ფორმით ასლების გაცვლის გზით.
არბიტრაჟის შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თანახმად საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს, ელექტრონული შეტყობინებების გაცვლის გზით, თუ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის. მეტიც, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება დადებულად ითვლება თუ მხარეები გაცვლიან საარბიტრაჟო სარჩელსა და შესაგებელს, იმგვარად, რომ მოპასუხე არ უარყოფს/სადავოდ არ გახდის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას. შესაბამისად, კანონი უშვებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სტანდარტული „წერილობითი“ ფორმით დადებული შეთანხმება, შესაძლოა, საერთოდ არც არსებობდეს. ამგვარი რეგულირების პირობებში, მხარისთვის „დედანი“ დოკუმენტის მოთხოვნა აზრს უკარგავს და ეწინააღმდეგება კანონის მე-8 მუხლს.
აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „არბიტრაჟის შესახებ“ და მეტიც, წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს უფლების არსსა და სტანდარტებთან.
“არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს […] ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“ კანონმდებელი ცალსახად მიუთითებს, რომ დედანი ან დამოწმებული ასლი მოთხოვნილია „ასეთის არსებობის შემთხვევაში“. როდესაც ხელმოწერილი საარბიტრაჟო შეთანხმება გაცვლილი არის ელექტრონული ფორმით, მხარეს ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ ჰქონდეს ან აღარც არსებობდეს ე.წ. „სველი ხელმოწერით“ დამოწმებული შეთანხმება. მეტიც, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება დადებულია ელექტრონული შეტყობინებების გაცვლის გზით საერთოდ არ არსებობს ე.წ. სველი ხელმოწერით დამოწმებული დედანი. კანონი არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ მსგავს შემთხვევაში, ცნობა-აღსრულების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებას. პირიქით, კანონი ავალდებულებს სასამართლოს მიიღოს განცხადება და არსებითად განიხილოს იგი. არსებითი განხილვა თავის მხრივ, არ გულისხმობს ტრიბუნალის კომპეტენციაში შეჭრას. არამედ, ცნობა-აღსრულების პროცედურა უნდა ეფუძნებოდეს არბიტრაჟის შესახებ კანონს. სასამართლომ უნდა შეაფასოს საარბიტრაჟო განხილვის დროს, მოპასუხე მხარემ გახადა თუ არა სადავო საარბიტრაჟო შეთანხმების ფორმის/ნამდვილობის საკითხი, დასაბუთებული შედავების წარდგენის შემთხვევაში იმსჯელა თუ არა ტრიბუნალმა აღნიშნულზე, დასძლია თუ არა მოპასუხემ კანონით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი და ა.შ.
ხელმოწერის „[…]დედანი ([…] სველი) სახით“ წარმოდგენის მოთხოვნა, არათუ არ ეფუძნება კანონის ტექსტს, არამედ ეწინააღმდეგება მისი რეგულირების ლოგიკასა და მიზანს. გარდა ამისა, მსგავსი მოთხოვნა პრაქტიკულად შეაფერხებს სამოქალაქო ბრუნვის მოქნილობასა და არბიტრაჟის ეფექტიან ფუნქციონირებას, ვინაიდან ელექტრონული ფორმით დადებული შეთანხმებები თანამედროვე დოკუმენტბრუნვის პირობებში სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ცნობა-აღსრულების შუამდგომლობის მიღებაზე უარის თქმა მსგავსი საფუძვლით, წარმოადგენს კანონის საწინააღმდეგო, ხელოვნურ ბარიერს, რომელიც მხარეს უზღუდავს სამართლიანი სასამართლოს და მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების უფლებას.
არბიტრთა ასოციაცია, იყენებს, რა ამ შესაძლებლობას, კვლავ ხაზს უსვამს სააპელაციო სასამართლოების მიერ, საარბიტრაჟო საქმეებთან დაკავშირებული განჩინებების გასაჯაროების მნიშვნელობას. წინამდებარე განცხადებითაც, კვლავ მოვუწოდებთ სააპელაციო სასამართლოებს გამოაქვეყნონ გადაწყვეტილებები, თუნდაც იმგვარი ფორმატითა და სტანდარტით, როგორც ამას უზრუნველყოფს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპის დაცვისთვის, ასევე ერთგვაროვანი პრაქტიკისა და არბიტრაჟის ინსტიტუციური განვითარებისათვის, გამჭვირვალობა და საჯაროობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.
არბიტრთა ასოციაცია გააგრძელებს სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგს.



