წესდება
წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი (შემდგომ − ორგანიზაცია), რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
- ეს წესდება წარმოადგენს ორგანიზაციის წევრებს შორის გაფორმებული სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილს, რომელიც გამოხატავს მათ ურთიერთთანმხვედრ ნებას და სავალდებულო ძალის მქონეა წევრებისთვის.
- ორგანიზაცია წარმოშობილად ითვლება და იურიდიული პირის სტატუსს იძენს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 4. ორგანიზაცია თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით.
- ორგანიზაციის ვალდებულებებისათვის მისი წევრი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები) პასუხს არ აგებს.
- ორგანიზაცია პასუხს არ აგებს თავისი წევრების, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ვალდებულებებისთვის.
- ორგანიზაციის მიზანია არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, კერძოდ:
ა) არბიტრაჟის როგორც დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შესახებ ცნობადობის და მისდამი ნდობის ამაღლება საზოგადოებაში;
ბ) არბიტრთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიონალიზმის მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა;
გ) პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება;
დ) საქართველოში არბიტრაჟის გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, საკანონმდებლო თუ სხვა სახის ინიციატივების გზით.
- ორგანიზაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს მისი მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ორგანიზაციის წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის დაუშვებელია. ორგანიზაცია უფლებამოსილია მისი საქმიანობის განსახორციელებლად შეიძინოს/მიიღოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, შემოწირულობები.
- ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ორგანიზაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
- ორგანიზაციას თავისი მიზნების მისაღწევად უფლება აქვს, განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული.
1
- ორგანიზაციის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით საქმიანი წერილისა და ვებგვერდისთვის დადგენილი წესები.
მუხლი 2. ორგანიზაციის მართვა
- ორგანიზაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება და გამგეობა. წევრთა საერთო კრება (მორიგი საერთო კრება) ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც არა უგვიანეს 1 ივნისისა, რომელზეც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება.
- საერთო კრება შეიძლება გაიმართოს როგორც პირისპირ შეხვედრით ფიზიკურად, ისე ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, ასევე ჰიბრიდულად როგორც ფიზიკური ისე ელექტრონული მონაწილეობით.
- წევრთა საერთო კრების მოწვევის უფლება აქვს ორგანიზაციის ხმის უფლების მქონე წევრთა 1/10-ს, გამგეობის წევრთა უმრავლესობასა და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს/პირებს.
- წევრთა საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ორგანიზაციის ხმის უფლების მქონე წევრთა სრული შემადგენლობის 1/3.
- თუ საერთო კრების მოწვევის შემდგომ, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ორგანიზაციის ხმის უფლების მქონე წევრთა 1/4.
- კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრე ხმის უფლების მქონე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა წესდების ცვლილებებისა და ორგანიზაციის რეორგანიზაცია/ლიკვიდაციისა, რომელსაც ჭირდება დამსწრე ხმის უფლების მქონე წევრთა 2/3-ის თანხმობა. წევრები ხმას აძლევენ ხელის აწევით (პირისპირ ფორმატში გამართული შეხვედრის შემთხვევაში), ბიულეტენებზე პოზიციის დაფიქსირებით (ფარული კენჭისყრის შემთხვევაში) ან გამოკითხვის გზით. გამოკითხვისას, ხმის მიცემის პროცესის გამარტივებისა და გაციფრულების მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამოკითხვის ელექტრონული სისტემები.
- წევრთა საერთო კრება ტარდება კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებიდან ან წევრებისთვის მოსაწვევის გაგზავნიდან სულ ცოტა 14 დღის შემდეგ. მოსაწვევის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით ან შეტყობინების გამოქვეყნებით. წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებად მიიჩნევა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაციის ერთიანი ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ელექტრონულ მისამართზე) განთავსება. წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება ეგზავნება ყველა იმ წევრს, რომელიც კრების მოწვევის დღეს ირიცხება ორგანიზაციის წევრად. ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირის სარწმუნო იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელი არიან საერთო კრების თავმჯდომარე და კრების მომწვევი ორგანო. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება/მოსაწვევი უნდა შეიცავდეს წევრთა საერთო კრების დღის წესრიგს. კრების ხმის უფლების მქონე წევრს უფლება აქვს, საერთო კრების მომწვევს მოსთხოვოს კრების დღის წესრიგის თითოეული საკითხის თაობაზე განმარტებების გაცემა და წარადგინოს თავისი მოთხოვნა/აზრი. თუ ხმის უფლების მქონე წევრის მოთხოვნა წევრთა საერთო კრებამდე სულ ცოტა 3 დღით ადრე წერილობით იქნება წარდგენილი, ის უნდა დაკმაყოფილდეს და შეტანილი 2
უნდა იქნეს დღის წესრიგში ერთ–ერთ საკითხად. წევრთა საერთო კრების ჩატარების ადგილი და დრო გაუმართლებლად არ უნდა ზღუდავდეს წევრის საერთო კრებაში მონაწილეობის უფლებას. 8. ნებისმიერი წევრი საერთო კრებაში მონაწილეობს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლება დასტურდება ნოტარიუსის მიერ წევრის მიერ გაცემულ მინდობილობაზე ხელმოწერის დადასტურებით ან წევრის მიერ გამგეობის თავმჯდომარისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებით, რომელშიც მიეთითება წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მინდობილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. საერთო კრებაში მონაწილე ერთ წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს მაქსიმუმ 2 სხვა წევრი მინდობილობის საფუძველზე.
- თუ წევრთა საერთო კრებას ორგანიზაციის ხმის უფლების მქონე ყველა წევრი ესწრება და ისინი თანახმა არიან კრების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, კრების ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ კრების მოწვევის კანონით ან/და ამ წესდებით დადგენილი წესები არ იქნა დაცული. ასეთი წევრის თანხმობად მიიჩნევა, თუ იგი არ მოითხოვს საერთო კრების სხვა დროს ჩატარებას მისი მოწვევის პროცედურის დარღვევის გამო.
- წევრთა საერთო კრების სათანადოდ მოწვევისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია ამ კრების მომწვევი პირი/ორგანო. წევრთა საერთო კრების მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა წევრებისა და ხელმძღვანელი ორგანოსათვის. წევრთა საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს იმ საკითხზე, რომელიც წესდებით საერთო კრების უფლებამოსილებას განეკუთვნება.
- წევრთა საერთო კრება ირჩევს საერთო კრების თავმჯდომარეს და მდივანს კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წევრთა ხმათა უმრავლესობით. წევრთა საერთო კრების მიმდინარეობას ხელმძღვანელობს, ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და მდივანი.
- საერთო კრების დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, კრების მდივანი ამზადებს საერთო კრების სხდომის ოქმს და ცნობისათვის უგზავნის სხდომის დამსწრეებს. სხდომის ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და კრების მდივანი. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანის ან გამგეობის წევრების არჩევა/გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები საჭიროებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენას ოფიციალური დოკუმენტაციის განახლებისთვის (წესდება ან/და ამონაწერი). აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელს აწერს და საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის წარადგენს კრების თავმჯდომარე და მდივანი. რეგისტრაციისთვის არ მოითხოვება საერთო კრების მონაწილე წევრების ხელმოწერა.
- საერთო კრების ოქმში უნდა აღინიშნოს:
ა) ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილი და თარიღი;
გ) მითითება საერთო კრების მოწვევის პროცედურის დაცვასა და ამ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე;
დ) საერთო კრების თავმჯდომარის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ე) საერთო კრების დღის წესრიგი, საერთო კრების გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების მითითებით.
- წევრთა საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება შემდეგი საკითხები: ა) დაამტკიცოს წესდება ან/და შეიტანოს მასში ცვლილებები;
ბ) შეცვალოს ორგანიზაციის მიზნები ან სტრატეგიული მიმართულება;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის / ლიკვიდაციის შესახებ;
დ) აირჩიოს და გადაირჩიოს გამგეობის წევრები;
3
ე) განიხილოს და დაამტკიცოს ფინანსური და სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიშები; ვ) დაამტკიცოს გამგეობის მიერ შემოთავაზებული აუდიტორის კანდიდატურა; ზ) განსაზღვროს ორგანიზაციის საწევროს ოდენობა და გადახდის წესი;
თ) აირჩიოს/გადაირჩიოს ეთიკის კომიტეტის წევრები;
ი) დაამტკიცოს არბიტრთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის და საქმისწარმოების სახელმძღვანელო, შეიტანოს მასში ცვლილებები;
ვ) დაამტკიცოს არბიტრთა აკრედიტაციის ინსტრუმენტი, შეიტანოს ცვლილებები არსებულ ინსტრუმენტში;
ზ) არბიტრთა ეთიკის კოდექსის მიღება, შეცვლა.
მუხლი 3. წევრთა უფლებები და მოვალეობები
- ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მისიას და მიზნებს.
- ორგანიზაციას შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრი გამგეობის გადაწყვეტილებით, რომელიც არ სარგებლობს წევრის უფლებამოსილებებით.
- ორგანიზაციის ყველა წევრი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო, რომელიც აკრედიტირებული წევრისთვის განისაზღვრება ყოველწლიურად 200 ლარით, ხოლო არა აკრედიტირებული წევრისთვის ყოველწლიურად 100 ლარით. გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა. საწევროს არ გადახდის შემთხვევაში, გამგეობის შესაბამისი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები, გამგეობა უფლებამოსილია წევრს შეუწყვიტოს სტატუსი. საპატიო წევრებს არ მოეთხოვებათ საწევროს გადახდა.
- ორგანიზაციის წევრად მიღების, გასვლისა და გარიცხვის საკითხს წყვეტს გამგეობა. 5. ორგანიზაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) ორგანიზაციიდან გარიცხვისას.
- გამგეობის გადაწყვეტილებით წევრი შეიძლება გაირიცხოს ორგანიზაციიდან. წევრობიდან გარიცხვის საფუძველი შესაძლებელია გახდეს წევრის მიერ საწევროს გადაუხდელობა, „საქართველოს არბიტრთა ეთიკის კოდექსის“ პრინციპების დარღვევა ან/და ორგანიზაციის მისიასთან, პრინციპებთან, მიზნებთან ან ამოცანებთან შეუსაბამო ქმედება. გადაწყვეტილება წევრის გარიცხვის თაობაზე მიიღება გამგეობის კრების მიერ და ამის შესახებ წევრს ეცნობება წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).
- ორგანიზაციას ყავს წევრები. მას შემდეგ რაც 50 ან მეტი პირი გაივლის ორგანიზაციის მიერ დადგენილ აკრედიტაციის პროცესს, ორგანიზაციას ეყოლება აკრედიტებული და არა–აკრედიტირებული წევრები. ამ შემთხვევაში, ორგანიზაციის აკრედიტებული და არა–აკრედიტებული წევრების უფლებამოსილება განაწილებულ იქნება შემდეგნაირად:
7.1. აკრედიტებულ წევრებს უფლება აქვთ:
ა) არჩეულ იქნან / დაინიშნონ ორგანიზაციის მმართველ/ხელმძღვანელ ორგანოებში.
ბ) მონაწილეობა მიიღონ საერთო კრებაში, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები დღის წესრიგში საკითხებთან დაკავშირებით და მიიღონ/უარყონ გადაწყვეტილებები;
გ) საერთო კრებაზე გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები ორგანიზაციის განვითარების შესახებ;
დ) მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მართვასა და საქმიანობაში;
4
ე) მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებში;
ვ) განიხილონ ორგანიზაციის ფინანსური დოკუმენტაცია;
ზ) განიხილონ სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშები. 7.2. არა–აკრედიტებულ წევრებს უფლება აქვთ:
ა) მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებში;
ბ) დაესწრონ საერთო კრებას, ხმის უფლების გარეშე;
გ) გაეცნონ ორგანიზაციის ფინანსურ დოკუმენტაციას;
დ) გაეცნონ სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშებს.
- სანამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტირებული წევრების რაოდენობა არ მიაღწევს ორმოცდაათს, ამ მუხლის 7.1 და 7.2 პუნქტებით განსაზღვრული ყველა უფლებით სარგებლობს ორგანიზაციის ყველა წევრი.
- ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:
ა) პატივი სცენ და გაუფრთხილდნენ ორგანიზაციის რეპუტაციას, ღირსებას, ავტორიტეტს და ქონებას;
ბ) პატივი სცენ და დაიცვან ორგანიზაციის წესდება, ორგანიზაციის სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტები და „საქართველოს არბიტრთა ეთიკის კოდექსი“, აგრეთვე გამგეობის ან/და აღმასრულებელი დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
გ) არ გაამჟღავნონ ორგანიზაციის შესახებ მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია; დ) დათანხმდნენ ორგანიზაციის წევრთა სიაში შეყვანას საჯარო წყაროებში (ვებგვერდი, სოციალური მედიის გვერდები და სხვა);
ე) ხელი შეუწყონ ორგანიზაციის, მისი მისიისა და საქმიანობის პოპულარიზაციას სამიზნე ჯგუფებსა და ფართო საზოგადოებაში.
მუხლი 4. გამგეობა
- გამგეობა განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებებს და უზრუნველყოფს რომ ის თანხვედრაში იყოს ორგანიზაციის დეკლარირებულ ღირებულებებსა და პრინციპებთან. გამგეობის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, განიხილონ და გადაჭრან ძირითადი სტრატეგიული საკითხები და ხელი შეუწყონ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ეფექტური მუშაობისთვის საჭირო წინაპირობების ჩამოყალიბებაში.
- გამგეობის წევრებს ირჩევენ ორგანიზაციის ხმის უფლების მქონე წევრები საერთო კრებაზე მათივე რიგებიდან, ორი წლის ვადით. წევრის გამგეობის წევრად განმეორებით არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. გამგეობა შედგება სულ მცირე ექვსი მაგრამ არაუმეტეს ცხრა წევრისგან. ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში სასურველია არ შეიცვალოს გამგეობის წევრების 50%-ზე მეტი, რათა უზრუნველყოფილი იქნას საქმიანობის უწყვეტობა და ორგანიზაციის მმართველი გუნდის მხარდაჭერა.
- გამგეობის სხდომა ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც. სხდომა მოწვეულ უნდა იქნეს სულ ცოტა 7 დღით ადრე, გამგეობის წევრისთვის ელექტრონული ფოსტის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. მოსაწვევი უნდა შეიცავდეს გამგეობის სხდომის დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის
5
მიღებიდან 3 დღის ვადაში გამგეობის წევრებს შეუძლიათ სხდომის დღის წესრიგში დამატებების შეტანა.
- ყოველი კალენდარული წლის ბოლოს, გამგეობის თავმჯდომარე ადგენს მთელი წლის განმავლობაში ჩასატარებელი გამგეობის მორიგი სხდომების თარიღებს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს წევრებს ელექტრონული ფოსტით (კალენდრის მოსაწვევი).
- გამგეობის წევრები საინფორმაციო პაკეტს (დღის წესრიგი, გამგეობის უკანასკნელი სხდომის განახლებული ოქმები, სხვა ანგარიშები / შესაბამისი ინფორმაცია) იღებენ ელექტრონული ფოსტით, გამგეობის კონკრეტულ სხდომამდე სულ მცირე 3 დღით ადრე. საინფორმაციო პაკეტის მომზადების მიზნით:
ა) გამგეობის თავმჯდომარე ადგენს სხდომის დღის წესრიგს და აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სხდომაზე განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს. დღის წესრიგი ასევე მოიცავს სხდომის ჩატარების ადგილს (დისტანციური ან პირისპირ შეხვედრების ფორმატი). მაშინაც კი, თუ სხდომა დაგეგმილია პირისპირ ფორმატში, წევრებს სხდომაზე დასწრება შეუძლიათ დისტანციურად კომუნიკაციის შემდეგი პლატფორმების საშუალებით;
ბ) გამგეობის თავმჯდომარე აგროვებს ინფორმაციას წინა სხდომის ოქმში დაფიქსირებული საკითხების მიმდინარე სტატუსის შესახებ და აახლებს ფაილს;
გ) ორგანიზაციის გამგეობის მიმართ ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, აღმასრულებელი დირექტორი გამგეობის თავჯდომარეს წარუდგენს შესაბამის ანგარიშებს (ფინანსური ანგარიშები, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიში, გაწეული სამუშაოს და განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშები).
- გამგეობის სხდომის მოწვევის უფლება აქვს გამგეობის წევრს, მის თავმჯდომარეს, წევრთა საერთო კრებასა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ კონკრეტულ საკითხს მხარს დაუჭერს გამგეობის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
- სხდომის დისტანციურ ფორმატში ჩატარების შემთხვევაში გამოიყენება კომუნიკაციის პლატფორმები, რომლებიც რეალურ დროში ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. გამგეობის სხდომაში დისტანციური მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ წევრს, რომელიც იმყოფება მივლინებაში ან არ აქვს ფიზიკურად დასწრების შესაძლებლობა.
- თავმჯდომარე ატარებს სხდომას წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგის მიხედვით. დღის წესრიგით განსაზღვრულ თითოეულ საკითხს ჰყავს პასუხისმგებელი პირი, რომელიც წარადგენს თემას და პასუხობს დასმულ შეკითხვებს / იღებს რეკომენდაციებს გამგეობის წევრებისგან. აღმასრულებელ დირექტორს ან ორგანიზაციის ნებისმიერ სხვა თანამშრომელს უფლება აქვს, დაესწროს სხდომას და გამგეობის წევრებს განსახილველად წარუდგინოს კონკრეტული საკითხი. ღია დისკუსია იმართება საკითხზე, რომელიც შესაძლოა არ იყოს დღის წესრიგით განსაზღვრული და წამოიჭრას სხდომის მიმდინარეობის პროცესში. თავმჯდომარე ახდენს სხდომაზე დამატებით განხილული საკითხების და მათთან დაკავშირებით გამგეობის წევრების მიერ გაჟღერებული ყველა შეკითხვის / რეკომენდაციის / მიღებული გადაწყვეტილებების წერილობით დაფიქსირებას ოქმში. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა მარტივი უმრავლესობით. იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ლუწი რაოდენობა და ხმები თანაბრად იყოფა, თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.
- გამგეობის სხდომის მიმდინარეობას ხელმძღვანელობს, ოქმს ადგენს და ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სხდომის თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს ამავე კრებაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი.
6
- სხდომის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა, გამგეობის თავმჯდომარე ამზადებს გამგეობის სხდომის ოქმს – განხილული საკითხების, მიღებული გადაწყვეტილებების, განსაზღვრული ვადების ამსახველ დოკუმენტს და უგზავნის სხდომის დამსწრეებს, ისევე როგორც ორგანიზაციის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც დაევალათ კონკრეტული საკითხებზე მუშაობა.
- გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება შემდეგი საკითხები:
ა) გამგეობის თავმჯდომარის მათივე რიგებიდან არჩევა, დანიშვნა ან/და გათავისუფლება; ბ) აღმასრულებელი დირექტორის არჩევა, დანიშვნა ან/და გათავისუფლება;
გ) საკონსულტაციო საბჭოს/კომიტეტის შექმნა და საბჭოს სხდომის მოწვევა;
დ) კონკრეტული პირების წევრობაზე ან/და წევრობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღება; ე) ორგანიზაციის სტრატეგიის, სამოქმედო / სამუშაო გეგმის შემუშავება და დამტკიცება და მისი შესრულების მონიტორინგი;
ვ) ბიუჯეტის დამტკიცება;
ზ) აღმასრულებელი რგოლის მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგი;
თ) ფინანსური ანგარიშებისა და პროგრამის შესრულების ანგარიშების განხილვა და დამტკიცება; ი) სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში ორგანიზაციის ჩართულობის ხელშეწყობა; ლ) ორგანიზაციის მისიასთან და მიზნებთან თანმხვედრი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვებაში ჩართულობა;
მ) ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ცდება ორგანიზაციის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ნ) ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელი სხვადასხვა სახელმძღვანელოების, დოკუმენტების დამტკიცება.
- გამგეობის წევრები მათ ფუნქცია–მოვალეობებს მოხალისეობრივად ახორციელებენ, რაც გამორიცხავს ამ კონკრეტული როლის შესრულებისათვის ორგანიზაციისგან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას ნებისმიერი ფორმით. თუმცა, გამგეობის წევრს, სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროგრამებში, პროექტებში ან/და ღონისძიებებში და მიიღოს ანაზღაურება გაწეული სამუშაოს შესაბამისად. გამგეობის წევრმა, რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება პროგრამებში, პროექტებში ან/და ღონისძიებებში ანაზღაურების სანაცვლოდ, ამის შესახებ უნდა აცნობოს გამგეობის წერილობით (ელ. ფოსტით). გამგეობის თავმჯდომარემ და სხვა წევრებმა უნდა დაადასტურონ, რომ მათი კოლეგის მონაწილეობა მოცემულ პროგრამაში, პროექტში ან/და ღონისძიებაში არ წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს და გასცენ მონაწილეობის ნებართვა (ელ. ფოსტით).
- გამგეობის თავმჯდომარეს აქვს გამგეობის სხვა წევრების მსგავსი უფლება–მოვალეობები, და დამატებით კი შემდეგი:
ა) მოიწვიოს წლიური და/ან რიგგარეშე საერთო კრება.
ბ) ანგარიშვალდებული იყოს საერთო კრების წინაშე და წარადგინოს საანგარიშო პერიოდის (წლის) ფინანსური და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშები.
გ) ორგანიზება გაუწიოს გამგეობის სხდომების ჩატარებას და მოახდინოს გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ფორმალიზება.
7
დ) გააჟღეროს ორგანიზაციის პოზიცია დაინტერესებულ მხარეებთან და გააკეთოს საჯარო განცხადებები.
ე) მონიტორინგი გაუწიოს გამგეობის სხვა წევრების მიერ თავიანთი უფლება–მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ხელი შეუწყოს გამგეობის ახალი წევრების ადაპტაციას სამუშაო გარემოში, უზრუნველყოს მათი მხარდაჭერა დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას და, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს სათანადო რეაგირება.
ვ) მოახდინოს თავისი უფლებამოსილების ნაწილის დელეგირება თავმჯდომარის მოადგილეზე;
ზ) განახორციელოს კომუნიკაცია ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან გამგეობის სახელით.
- გამგეობის წევრობის კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობამდე ეცნობა გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, ისევე როგორც მის მიმართ ორგანიზაციის ვალდებულებებს. კანდიდატი და ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე წერილობით აცხადებენ თანხმობას თანამშრომლობის პირობების შესრულებაზე.
- გამგეობის არჩევნები ტარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. ორგანიზაციის ხმის უფლების მქონე წევრები ირჩევენ გამგეობის წევრებს.
- გამგეობის თავმჯდომარე პასუხისმგებელია არჩევნების თარიღის გამოცხადებასა და მის ორგანიზებაზე, გამგეობის წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე. თარიღი განისაზღვრება გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
- გამგეობის თავმჯდომარე არჩევნების დანიშვნის შესახებ ოფიციალურ განცხადებას უგზავნის ორგანიზაციის ყველა წევრს ელექტრონული ფოსტით. განცხადება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ ქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არხების მეშვეობით.
- ორგანიზაციის წევრებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გამგეობაში ვაკანტური პოზიციების დაკავებით, უნდა წარმოადგინონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, რომელშიც განმარტავენ, თუ რატომ სურთ გამგეობის წევრობა და როგორია მათი ხედვა ორგანიზაციის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გაეგზავნოს გამგეობის თავმჯდომარეს არჩევნების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა (განცხადების მოქმედების ვადა).
- კანდიდატების რეზიუმეები და სამოტივაციო წერილები ეგზავნებათ ორგანიზაციის წევრებს განხილვისა და არჩევნების დროს გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობისთვის. 20. არჩევნები იმართება საერთო კრებაზე. იმისათვის, რომ კვორუმი შედგეს, საჭიროა საერთო კრების ხმის უფლების მქონე წევრების 25%-მა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. კენჭისყრის დაწყებამდე, თითოეული კანდიდატი საერთო კრებას წარუდგენს საკუთარ თავს და საარჩევნო პროგრამას, ისაუბრებს გამგეობის წევრობის არჩევნებში მონაწილეობის მოტივზე და ორგანიზაციის სამომავლო განვითარების გეგმებზე. კენჭისყრა ჩატარდება პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ. ხმის მიცემა უნდა განხორციელდეს ფარული კენჭისყრით. არჩევნების დასრულების შემდეგ, ახლადარჩეული გამგეობის წევრები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარეს მათივე რიგებიდან. აღნიშნული პროცესი ტარდება საერთო კრებაზე გამართული კენჭისყრიდან პირველი ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 5. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა
8
- ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ნიშნავს ორგანიზაციის გამგეობა. აღმასრულებელი დირექტორი ინიშნება არაუმეტეს 2 წლის ვადით, ხელახლა დანიშვნის უფლებით. თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ განხორციელდება მისი უფლებამოსილების ახალი ვადის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაცია, რეგისტრირებული აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად მიიჩნევა.
- აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად არ შეიძლება იყოს:
ა) ორგანიზაციის გამგეობის წევრი;
ბ) ორგანიზაციის ეთიკის კომისიის წევრი;
გ) საქართველოში მოქმედი რომელიმე საარბიტრაჟო დაწესებულების/ინსტიტუტის/ცენტრის/ორგანიზაციის, რომელიც მხარეებს სთავაზობს მედიაციის თუ არბიტრაჟის თუ სხვა ტიპის დავების ადმინისტრირების მომსახურებას („საარბიტრაჟო დაწესებულება“), ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, ნებისმიერი ასეთი ორგანიზაციის ნებისმიერი ორგანოს წევრი ან თანამდებობის პირი და არ უნდა ფლობდეს ასეთ ორგანიზაციაში რაიმე წილს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ინტერესს ან ორგანიზაციის საქმიანობაზე, მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე რაიმე ტიპის სამართლებრივ გავლენას. აღნიშნული შეზღუდვა არ გულისხმობს საარბიტრაჟო დაწესებულების წესებით გამართულ საარბიტრაჟო განხილვაში არბიტრად მონაწილეობას ან საარბიტრაჟო დაწესებულების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდირებულ არბიტრთა სიაში ყოფნას.
- ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში ორგანიზაციის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას. აღმასრულებელი დირექტორი თავის ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესდებისა და შინაგანაწესის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.
- წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს ორგანიზაციის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. დირექტორს აქვს ერთპიროვნული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამასთან, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ერთზე მეტი დირექტორი ჰყავს, ისინი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებენ სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
- უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებელ დირექტორს აქვს უფლება ორგანიზაციის სახელით დადოს გარიგებები, აწარმოოს მოლაპარაკებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ/მოპასუხედ, მიიღოს ორგანიზაციაში თანამშრომლები, გააფორმოს მათთან ხელშეკრულება და გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. დირექტორი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ ის მოქმედება, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის მიზნებს და არ აყენებს მას ზიანს. იგი ვალდებულია ორგანიზაციის საქმეებს გაუძღვეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციის წინაშე პასუხისმგებელია წარმოშობილი ზიანისათვის. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა ბათილია, თუ ეს აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. დირექტორის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება იზღუდება წევრთა საერთო კრებისა და გამგეობისთვის ამ წესდებით განსაზღვრული კომპეტენციის გათვალისწინებით.
- გამგეობას შეუძლია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობიდან შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე.
9
- აღმასრულებელ დირექტორს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან. ასეთ შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორი ვალდებულია დაიცვას ორგანიზაციასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და პროცედურები.
- აღმასრულებელი დირექტორი ვალდებულია წელიწადში ერთხელ წევრთა საერთო კრებას წარუდგინოს ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში.
- აღმასრულებელ დირექტორს აქვს შემდეგი უფლება–მოვალეობები:
ა) ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის და თანამშრომლების მართვა.
ბ) გამგეობასთან თანამშრომლობით სტრატეგიის განსაზღვრა.
გ) სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობისთვის საჭირო სამოქმედო გეგმების შემუშავება.
დ) საერთო კრების და/ან გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება / შესრულებაზე ზედამხედველობა.
ე) გადაწყვეტილებების მიღება, ბრძანებების გამოცემა, და ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც არ შედის საერთო კრების ან/და გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) დაინტერესებულ და ჩართულ მხარეებთან (საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, დონორი ორგანიზაციები, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ასოციაციები, ბიზნეს ორგანიზაციები, ორგანიზაციის–ს წევრები და ბენეფიციარები) კოორდინაცია.
ზ) განსახორციელებელი და დასაფინანსებელი პროექტების იდენტიფიცირება, მოძიება და პრიორიტიზირება; საპროექტო განაცხადების მომზადება და დონორებთან კომუნიკაცია.
თ) ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამების და პროექტები მართვა;
ი) ფინანსურ მენეჯერთან/ბუღალტერთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ფინანსური მართვის (ბიუჯეტის შედგენა, მონიტორინგი და კონტროლი, ანგარიშგება და მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება) და ოპერაციების (ფინანსური ოპერაციებისა და ტრანზაქციების ავტორიზაცია, ფინანსური დოკუმენტაციის ხელმოწერა, საბანკო ანგარიშების გახსნა და დახურვა) უზრუნველყოფის მიზნით.
კ) ორგანიზაციისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფა, ორგანიზაციის განვითარების ხელშეწყობისა და მიმდინარე და/ან პროექტის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; ხარჯების ოპტიმიზაცია და შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა.
ლ) შიდა მოხმარების სხვადასხვა დოკუმენტების, პროცედურების, სახელმძღვანელოებისა და რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფა.
მ) საწევროს გადახდის წინასწარი შეტყობინების სისტემის დანერგვა და საწევროს გადახდის მონიტორინგი.
ნ) ორგანიზაციის სერვისების განვითარება და გაყიდვა.
ო) გამგეობისთვის სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშებისა და ფინანსური ანგარიშების წარდგენა ყოველ 6 თვეში ან ნებისმიერ დროს, გამგეობის ან/და საერთო კრების მოთხოვნის საფუძველზე.
10
მუხლი 6. ეთიკის კომისია
- ეთიკის კომისია (შემდგომში – „კომისია“) დამოუკიდებელია ორგანიზაციის სხვა ორგანოებისა და მესამე პირებისაგან. იგი თავის საქმიანობას ახორციელებს წესდებისა და კოდექსის ნორმების საფუძველზე.
- კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს ორგანიზაციის სახელით.
- კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომელთაგან არანაკლებ ოთხი ორგანიზაციის ხმის უფლების მქონე წევრი უნდა იყოს.
- ეთიკის კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს ერთი „საარბიტრაჟო დაწესებულების“ მმართველი ორგანოს ან დამფუძნებელთა ერთზე მეტი წარმომადგენელი.
- კომისიის წევრი შეიძლება იყოს პირი 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სულ ცოტა 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება და რომლის მიმართ ბოლო 5 წლის განმავლობაში არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის არცერთი ზომა.
- კომისიის წევრობა შეუთავსებელია გამგეობის წევრობასთან.
- ეთიკის კომისიის წევრებს ფარული კენჭისყრით ირჩევს საერთო კრება. არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრის მონაწილეთა ერთი მესამედისა. თუ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო შეუძლებელია გამარჯვებულის გამოვლენა, დაინიშნება განმეორებითი კენჭისყრა.
- კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ორგანიზაციის წევრს. მას უფლება აქვს კანდიდატად წარადგინოს როგორც ორგანიზაციის წევრი, მათ შორის, თავისი თავი, ასევე ორგანიზაციის არაწევრი პირი.
- კომისიის წევრობის მსურველი კანდიდატის წარდგენა შეიძლება საერთო კრებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ორგანიზაციის თავმჯდომარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის ავტობიოგრაფია, აგრეთვე მისი თანხმობა, თუ კანდიდატი სხვა პირმა წარადგინა.
- კომისიის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ კომისიის წევრს უნარჩუნდება სტატუსი ახალი წევრის არჩევამდე.
- კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლე აირჩევა ყოფილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. არჩევნები ჩატარდება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 თვის ვადაში. უფლებამონაცვლე არ აირჩევა, თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი.
- ერთი და იგივე პირი ეთიკის კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 13. 2 წელიწადში ერთხელ ხდება კომისიის შემადგენლობის ნახევრის როტაცია. 14. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 2 წლის ვადით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს.
- ეთიკის კომისიის თავმჯდომარე:
ა) ანაწილებს საქმეებს წევრებს შორის;
ბ) იწვევს და წარმართავს ეთიკის კომისიის სხდომას;
გ) ახორციელებს ეთიკის კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელ სხვა უფლებამოსილებას.
- ეთიკის კომისიის წევრს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეუწყდეს საერთო კრების გადაწყვეტილებით ან პირადი განცხადებით.
11
- საერთო კრების მიერ წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია: ა) თავისი უფლებამოსილების შეუსრულებლობა;
ბ) მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება;
გ) ორგანიზაციის წევრის სტატუსის შეწყვეტა.
- ეთიკის კომისიის თავმჯდომარის გადარჩევა შეიძლება ნებისმიერ დროს ახალი თავმჯდომარის არჩევით.
- ეთიკის კომისიის წევრს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა თავისი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისას, მათ შორის, თავისი მოვალეობის შესრულების შედეგისთვის.
20.თუ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ითვალისწინებს წევრობის შეჩერებას ან წევრის გარიცხვას, გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ მას აღასრულებს ორგანიზაციის გამგეობა.
- ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება არბიტრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
- გადაწყვეტილების გასაჩივრებისას დაუშვებელია ორგანიზაციის ან ეთიკის კომისიის რომელიმე წევრის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის წარდგენა.
მუხლი 7. ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რეორგანიზაცია, შერწყმა და ლიკვიდაცია
- ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. 2. ორგანიზაციის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია
ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/ რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ორგანიზაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, ასევე ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა საერთო კრება წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით. 4. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს კრედიტორთა მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
- გადაწყვეტილება ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
- ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება. ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ: ა) ხელს შეუწყობს დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 7. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის.
12
- თუ ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებამ არ განსაზღვრა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ ორგანიზაციას. თუ ასეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არ არსებობს ან შეუძლებელია მისი გამოვლენა, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
- სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ორგანიზაციის ლიკვიდაციას ახორციელებს (ახორციელებენ) სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). აკრძალულია ორგანიზაციის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე.
მუხლი 8. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
- ამ წესდების რომელიმე დებულების ბათილად ცნობა გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
ხელმოწერა: ჯაბა გველებიანი (პ/ნ: 33001066138) 13