დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის განცხადება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას და იმ მოვლენებს, რაც საქართველოში განვითარდა ბოლო დღეებში სამოქალაქო სექტორის დამატებითი რეგულირების ინიციატივების ირგვლივ.

მიგვაჩნია, რომ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებებში სახელმწიფოს ჩარევისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. კანონპროექტის ინიციატორებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადების მიხედვით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ. განცხადების სამართლებრივი შედეგების ანალიზი კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში ცალკე განხილვის საგანია. თუმცა, როგორც განცხადებიდან ირკვევა, დღის წესრიგიდან კვლავაც არ არის მოხსნილი ამ კანონპროექტის ან მსგავსი ეფექტის მგონი სხვა კანონპროექტის შემდგომი განხილვა. შესაბამისად, ჩვენი, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის, ვალია, საზოგადოებას განვუმარტოთ კანონის მიღებასთან დაკავშირებით არსებული საფრთხეები.  

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების დაფინანსების ძირითადი მიმღები, გარდა სახელმწიფოსი, არის სამოქალაქო სექტორი, კანონის მიღება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებაში არსებითი წვლილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციასა და საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნას, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამდენად, საქართველოს არბიტრთა ასოციაცია ეწინააღმდეგება ნებისმიერ მცდელობას, რაიმე კუთხით მოხდეს საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის როლის ან მნიშვნელობის შემცირება ან ნებისმიერი ფორმით დისკრედიტაცია. დასავლური ინსტიტუტების მზაობა, დაეხმაროს ჩვენს საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში, არის ის რესურსი, რომელსაც წლების მანძილზე წარმატებით იყენებს როგორც ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება, ისე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები.

საქართველოს დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ აღნიშნული კანონის მიღება ხელს უშლის და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. 

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების, გაეროს და ევროკავშირის დახმარებით საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში, მათ შორის მედიაციასა და არბიტრაჟში რეფორმებს მხარს უჭერენ. მსგავსად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა, ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობისა და დასახული ამოცანების მიღწევისთვის, აუცილებელია საზოგადოების ნდობა და სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფალი სამუშაო სივრცე. იმ პირობებში, როდესაც დასავლური ღირებულებების არასამთავრობო სექტორი გამოირჩევა ფინანსური და საოპერაციო გამჭვირვალობის მაღალი დონით, დამატებითი საკანონმდებლო რეგულირებით სამოქალაქო საზოგადოების რესურსებისა და დამოუკიდებლობის შემცირების გარდა, რაიმე ლეგიტიმური მიზანი  გამოკვეთილი არ არის.

პუბლიკაციით „არბიტრაჟი საქართველოში“ – არბიტრთა ასოციაცია საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს იმ არსებითი მიღწევებისკენ, რაც საქართველოში არბიტრაჟის კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების კუთხით ბოლო 15 წლის განმავლობაში განხორციელდა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერი.







მსგავსი სიახლეები

არბიტრთა აკრედიტაციის I მოდულზე მიღება იწყება!

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია უკვე მეოთხედ იწყებს მიღებას...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo