ეთიკა

კომისიის შესახებ

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისია არბიტრთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულების საფუძველზე იხილავს ასოციაციის წევრი არბიტრების მიერ საქართველოს არბიტრთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის საქმეებს და წყვეტს არბიტრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

ეთიკის კომისია დამოუკიდებელია ასოციაციის სხვა ორგანოებისა და მესამე პირებისაგან. კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ასოციაციის სახელით.

ეთიკის კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომელთაგან არანაკლებ ოთხი ასოციაციის წევრი უნდა იყოს. კომისიის წევრი შეიძლება იყოს პირი 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სულ ცოტა 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება და რომლის მიმართ ბოლო 5 წლის განმავლობაში არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის არცერთი ზომა.

ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, 2 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს.